ახალი ამბები
ანაკლიის პორტის ასაშენებლად განაცხადები საერთაშორისო კომპანიებისგან მივიღეთ - მინისტრი
"ჩვენ რამდენიმე საერთაშორისო კომპანიისგან მივიღეთ განაცხადი" , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით კომენტირებისას ისაუბრა. მისი განმარტებით, განაცხადების მიღება დასრულებულია.

„განაცხადების მიღება ოფიციალურად 19 ივნისს დასრულდა. ჩვენ რამდენიმე საერთაშორისო კომპანიისგან მივიღეთ განაცხადი. არის ინდივიდუალურად კომპანიები და არის კომპანიათა გაერთიანებები და კონსორციუმები. კომპანიების მიმართ გარკვეული შესაბამისობის კრიტერიუმები იყო მოთხოვნილი, მათ შორის ფინანსური მდგრადობის და კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია. ახლა, ამ ინფორმაციის შესწავლა-დამუშავება მიდის და საზოგადოებას უახლოეს ხანებში მივაწვდით ინფორმაციას, მათ შორის მონაწილე კომპანიების და მათი გამოცდილების შესახებ და ყველა იმ ინფორმაციას, რაც ჩვენ კომპანიების მხრიდან გამოვითხოვეთ. ამ ეტაპზე, საზოგადოებას მეტ ინფორმაციას, სამწუხაროდ, ვერ გავუზიარებთ, თუმცა, ჩვენი სააგენტო ინტენსიურად მუშაობს, ეს განაცხადები რომ დამუშავდეს, მაგრამ გეტყვით, რომ რამდენიმე განაცხადი იყო მნიშვნელოვანი საერთაშორისო კომპანიების მხრიდან მიღებული“, - განაცხადა მინისტრმა.

ანაკლიის პორტის სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენების გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის დეკემბერში მიიღო.

მთავრობის ინფორმაციით, ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც დაგეგმილია, რომ სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49 პროცენტის მფლობელი.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, პირველი გემები 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

ამავე თემაზე:

"ერთ-ერთი ინვესტორი, შესაძლოა "აზიის განვითარების ბანკი" იყოს" - ფინანსთა მინისტრი ანაკლიის პორტის შესახებ
Print