ახალი ამბები
ასლან ბჟანია სოხუმში რუსულ საკრუიზო ლაინერს დახვდა
სოხუმის ნავსადგურში რუსული საკრუიზო ლაინერი "კნიაზ ვლადიმირი", ამჯერად, მგზავრებით შევიდა, წერს "აფსადგილ ინფო". ამავე ცნობით, რუსულ გემს, პორტში აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია დახვდა, რომელიც მიმღები მხარის მუშაობას გაეცნო და ლაინერზეც ავიდა, წერს "აფსნიპრესი" .


ლაინერი, რომელმაც სოჭიდან 81 რუსი ტურისტი ჩაიყვანა სოხუმში, სამ დღეს დაჰყოფს აფხაზეთში. გამოცემის თანახმად, სულ, ზაფხულის პერიოდში, 11 სექტემბრის ჩათვლით, 11 რეისია დაგეგმილი "სოჭი - სოხუმი - სოჭის" მიმართულებით.

საცდელი რეისები სოხუმის ნავსადგურში რუსულმა საკრუიზო ლაინერმა, მგზავრების გარეშე, მიმდინარე წელს ივნისის დასაწყისში და უფრო ადრე კი 2019 წლის დეკემბერშიც შეასრულა, რისთვისაც პორტის მთავარ ნავმისადგომთან ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები ჩატარდა.

ამავე ცნობით, შესაბამის შეთანხმებას სოხუმმა და კომპანია "შავი ზღვის კრუიზებმა" 2018 წელს მიაღწიეს.

"კნიაზ ვლადიმირი" არის რუსული კომპანია "შავი ზღვის კრუიზების" ცხრა გემბანიანი საკრუიზო გემი, რომელიც ახორციელებს ტრანსპორტირებას მარშრუტზე: სოჭი - ნოვოროსიისკი - იალტა - სევასტოპოლი - სოჭი.

2017 წლიდან გემი ოპერირებს რუსეთის დროშის ქვეშ.


Print