ახალი ამბები
ინალ არძინბა "სამუშაო ვიზიტით" ჩრდილოეთ კვიპროსში ჩავიდა
სოხუმი ჩრდილოეთ კვიპროსთან "საინვესტიციო - ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს" ეძებს, ამის შესახებ ჟურნალისტებს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა განუცხადა. "აფსნიპრესის" ინფორმაციით, ინალ არძინბა ჩრდილოეთ კვიპროსში "სამუშაო ვიზიტით" იმყოფება. მედიისთვის გაკეთებულ კომენტარებში მინისტრმა ილაპარაკა ჩრდილოეთ კვიპროსის ეკონომიკის ზრდის ტენდენციაზე, არაღიარების და საერთაშორისო სანქციების პირობებში.

არძინბას თან ახლავს რუსეთის ფედერაციის სენატორი ალექსანდრ ნეკრასოვი, რომელმაც განაცხადა, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკა ტურიზმის და პერსპექტივების კუთხით გაცილებით უფრო მიმზიდველად გამოიყურება".

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული სახელმწიფო მხოლოდ თურქეთის მიერაა აღიარებული. ის კუნძულ კვიპროსის მესამედს იკავებს და კვიპროსის რესპუბლიკის საზღვრებში მდებარეობს. ჩრდილოეთ კვიპროსი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული თურქეთის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერაზე.

ე.წ. საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, 27 ივნისს არძინბა თურქეთში, რუსეთის ფედერაციის ელჩს, ალექსეი იერხოვს, ხოლო 30 ივნისს სტამბოლში პარტია "სამშობლოს" ლიდერს, დოგუ პერინჩეკს შეხვდა, რომელიც მას არწმუნებდა, რომ "ერთობლივი ძალისხმევით თურქეთის მიერ აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებას მიაღწევენ".

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.





Print