ახალი ამბები
სტიქიამ გაგრაში წყალდიდობა გამოიწვია (ფოტო)
სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად და დაზარალებულთა დასახმარებლად გაგრის რაიონში ოპერატიული შტაბი შეიქმნა, ინფორმაციას გაგრის ე.წ. ადმინისტრაცია ავრცელებს.
მანამდე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იუწყებოდა, რომ ძლიერმა გადაუღებელმა წვიმებმა გაგრის რაიონში წყალდიდობა გამოიწვია. დაიტბორა გაგრისა და ბიჭვინთის ქუჩები, შენობები და კერძო სახლები. ამავე ცნობით, ქალაქის სამაშველო ბრიგადები უკვე ჩაერთნენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში.

უწყება აფრთხილებს მოსახლეობას და დამსვენებლებს, თავი შეიკავონ გაგრის რაიონში გადაადგილებისგან. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამავე ინფორმაციით, გამანაწილებელი ქვესადგურების დატბორვის გამო გაგრის რაიონის და ბიჭვინთის დასახლებების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

წუხელ, კომპანია "ჩერნომორენერგოში" განაცხადეს, რომ გაგრასა და გაგრის რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება 70% - ით აღუდგა. თუმცა, დილით ცნობილი გახდა, რომ გაითიშა მაღალი ძაბვის ხაზი "ოჩამჩირე" და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა გუდაუთის, გაგრის და სოხუმის რაიონის ნაწილი.

"ეხო კავკაზას" თანახმად, "აფხაზეთის რკინიგზის" მთავარმა ინჟინერმა ლეონიდ ყურუამ 9 ივლისს "ინტერფაქსს" განუცხადა, რომ გაგრის რაიონში რკინიგზის რამდენიმე მონაკვეთზე ლიანდაგების დაზიანების გამო, მატარებლების მოძრაობაა შეჩერებული. მისივე თქმით, რკინიგზის დაზიანებულ მონაკვეთებზე სარემონტო ჯგუფებმა აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყეს.

სტიქიის შედეგად დაზარალებულ რაიონებში "საგანგებო სიტუაციების სამინისტროს" დამატებითი ბრიგადები და სპეციალური ტექნიკა გაიგზავნა.

ამევ ცნობით, ტურიზმის ე.წ. მინისტრის თეიმურაზ ხიშბას რეკომენდაციაა, რომ "აფხაზეთში დროებით დაიკეტოს ყველა პლაჟი".


Print