ახალი ამბები
პუტინმა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის "ორმაგი მოქალაქეობის" შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა "კანონს" რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის "ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შეთანხმების რატიფიცირების შესახებ", - იუწყება

სამართლებრივი ინფორმაციის რუსული პორტალი.

საუბარია შეთანხმებაზე, რომელსაც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "საგარეო საქმეთა მინისტრმა" ინალ არძინბამ მოსკოვში 2022 წლის 27 სექტემბერს მოაწერეს ხელი.

რუსეთის დუმამ დოკუმენტის რატიფიცირება მიმდინარე წლის 29 ივნისს მოახდინა, ხოლო ფედერაციის საბჭომ ის 5 ივლისს დაამტკიცა.

შეთანხმების თანახმად, რომლის პროექტი 2022 წლის მარტში მომზადდა, რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება შეუძლიათ "აფხაზეთის მოქალაქეებს, რომლებსაც 2008 წლის 26 აგვისტომდე ჰქონდათ მოქალაქეობა, განაცხადის მიღების დღეს არ დაუკარგავთ ის და მიაღწიეს სრულწლოვანებას".

მასში ასევე ნათქვამია, რომ "ორმაგი მოქალაქეობის" მქონე პირები სარგებლობენ სოციალური უზრუნველყოფის, განათლებისა და ჯანდაცვის უფლებებით იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ისინი მუდმივად ცხოვრობენ.

მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "აფხაზეთის მოქალაქეებს" წინასწარ ეცნობებათ რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად განცხადებების მიღების პროცედურის დაწყების შესახებ. ინალ არძინბას თქმით, "აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურა არ იცვლება".

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნულ შეთანხმებას მოეწერება ხელი, სექტემბრის დასაწყისში გახდა ცნობილი. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა გასცა. "შეთანხმების" რატიფიცირების საკითხებზე წარმომადგენლად ვლადიმირ პუტინმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი დანიშნა.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.









 

Print