ახალი ამბები
გაგრაში ელექტრომამარაგების აღდგენა დაიწყო - "ჩერნომორენერგო"
სტიქიის შედეგად დაზარალებული გაგრის რაიონის მაგისტრალურ ხაზებზე ელექტრომომარაგების სისტემა 95% - ით აღდგა, იუწყება კომპანია "ჩერნომორენერგოს" პრესსამსახური.

ამავე ცნობით, აღდგენითი სამუშაოები გრძელდება, თუმცა ბევრი დაზიანებაა გამანაწილებელ ხაზებზე, მოკლე ჩართვის შედეგად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაიტბორა ან მწყობრიდან გამოვიდა და ელექტროგადამცემი ანძების საყრდენები წაიქცა.

გაგრის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ადამურ წვიჟბას განცხადებით, მოსახლეობას სრულად აღუდგა წყალმომარაგება. მისივე თქმით, ამ დრომდე წყალი არ მიეწოდება გაგრის რაიონის სოფელ ფსახარას, სადაც დაიტბორა სატუმბი სადგური, რომლის გამოშრობასაც გარკვეული დრო სჭირდება.

აფხაზეთში ძლიერი წვიმა 9 ივლისს მოვიდა, ადიდდა მდინარეები რამაც წყალდიდობა გამოიწვია. განსაკუთრებული ზარალი გაგრის რაიონს მიადგა, სადაც დაიტბორა ათასზე მეტი სახლი და დაზიანდა გზები. მოსახლეობის ნაწილი სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე რჩებოდა. ასევე ათობით კერძო სახლი დაიტბორა გულრიფშისა და ოჩამჩირის რაიონებში.



Print