რეგიონი
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები სამეგრელოსა და სვანეთში გამოვლინდნენ
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები სამეგრელოს რეგიონში და სვანეთში გამოვლინდნენ.

როგორც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამეგრელოს რეგიონში შვიდი გამარჯვებული პროექტიდან ორმა მოიპოვა 50 000 ლარი ჯიტასა და USAID-გან, ერთს 25 000 ლარს გადასცემს USAID, ხოლო დანარჩენ 4 სტარტაპს დააფინანსებს ჯიტა.

გამარჯვებული პროექტები:

Bnollar - სოციალური ქსელი NFT მარკეტფლეისისათვის, რომელიც მომხმარებელს დაიცავს თაღლითობისა და პირადი მონაცემების გასაჯაროებისგან და ამავდროულად განავითარებს NFT ინდუსტრიას.

Eye2Eye -Eye2Eye აპარატის მასიური წარმოება, რაც სტრაბიზმის ანუ სიელმის და ამბლიოპიის გლობალურ შემცირებას განაპირობებს.

ArgoFly - შესაძლებლობა ფერმერებისთვის, გაზარდონ მოსავლის ხარისხი და რაოდენობა აგრო-დრონების საშუალებით.

სფიქიზი - პროექტის მიზანია, მომხმარებლებს მიაწოდოს ინგლისური ენის შესწავლის სწრაფი და ეფექტური გზა ფონეტიკური მსგავსებისა და ინტერაქტიული სავარჯიშოების გამოყენებით.

ნილოსი - პროექტის მიზანია, შეიქმნას C2C ბიზნეს მოდელით მომუშავე ვებგვერდი და აპლიკაცია, რომელიც მისცემს მომხმარებელს წვდომას ნატურალურ პროდუქტებზე და ფერმერებს ხელს შეუწყობს ნატურალური პროდუქციის რეალიზებაში.

ჩელა - ციფრული აგრომარკეტის მიზანია, გაამარტივოს აგროპროდუეტების მიწოდების ჯაჭვი, გახადოს პროდუქცია ხელმისაწვდომი და შეამციროს მიწოდების დაანხარჯები.

Nutri Genius - პროექტის მიზანია მოსახლეობის საერთო ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესება სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული ზოგადი ნუტრიციოლოგიური პრინციპების გავრცელებითა და პერსონალიზირებული კვების რაციონის შეთავაზებით.


სააგენტოს ინფორმაციით, სვანეთში, საერთო ჯამში, დაფინანსდა სამი პროექტი, GITA - ს გრანტი მოიპოვა ორმა სტარტაპმა, ერთს კი USAID - ი დააფინანსებს.

გამარჯვებული პროექტები:

არქიმარკეტი - პროექტის მიზანია, შეიქმნას ციფრული პლატფორმა, სადაც მოხდება მზა არქიტექტურული პროექტების, ისევე როგორც მათი მორგებისთვის საჭირო სერვისების, ყიდვა-გაყიდვა.

სვანური სამაგიდო თამაშები ციფრული ელემენტებით - სამაგიდო თამაშები შეიქმნება ხელოვნური ინტელექტის DALL-E - ის დახმარებით, რომელიც ხელს შეუწყობს სვანური კულტურისა და ტრადიციების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ამ ყველაფრის საინტერესოდ და სახალისოდ თამაშებში ინტეგრაციას.

outdoor hobbies - პროექტის მიზანია, შეიქმნას ერთი ფანჯრის პრინციპის მქონე, სპორტული ინვენტარის გაქირავების ონლაინ პლატფორმა, სადაც მომხმარებლები შეძლებენ მარტივად მოიძიონ, იქირაონ ან გააქირაონ სპორტული ინვენტარი.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ცნობით, რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

Print