ახალი ამბები
განიხილეს მწვავე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები, რომლებიც რუსეთის ოკუპაციიდან მომდინარეობს, - საგარეო ჟენევის მოლაპარაკებებზე
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 58 - ე რაუნდზე, რომელიც 11- 12 ივლისს გაიმართა, საქართველოს დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა "რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება". ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავარცელებს.

ამავე ცნობით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს მწვავე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები, რომლებიც რუსეთის ოკუპაციიდან მომდინარეობს, მათ შორის, "უკანონო სამხედრო წვრთნები, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა, უკანონო დაკავებები და გატაცებები, ადამიანის უფლებების დარღვევები და ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია. ხაზი გაესვა მათი გადაჭრის აუცილებლობას".

საგარეო უწყების თანახმად, დისკუსია ამჯერადაც ვერ შედგა "რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების დესტრუქციული პოზიციის გამო", რადგან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების საკითხზე მსჯელობისას რუსული, აფხაზური და ოსური დელეგაციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები დატოვეს.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებები 11-12 ივლისს გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.

მოლაპარაკებების მორიგი, 59 - ე რაუნდი ჟენევაში 2023 წლის 5-6 დეკემბერს შედგება.

ჟენევის დისკუსიები, რომელსაც საფუძველი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარებს, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.








Print