ახალი ამბები
მეგის ქარდავა "ციხის ბუნტის" საქმეზე სააპელაციომაც დამნაშავედ ცნო
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ დააკმაყოფილა მსჯავრდებულ მეგის ქარდავას სააპელაციო საჩივარი და ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. 

უწყების ცნობით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულების  დირექტორმა მ.ქ.-მ, დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებულ რამდენიმე მსჯავრდებულს ღირსებისა და პატივის შელახვით მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

გამოძიების თანახმად, მსჯავრდებულების მიმართ ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა მათი დაწესებულების ეზოში გაყვანის შემდგომაც. ყველას დასანახად პატიმრების უმოწყალოდ ცემამ და მათი ამ ფორმით ბადრაგირებამ, სასჯელაღსრულების დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, პატიმართა ბუნტი და საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.

"სასამართლომ მ.ქ.-ს, პატიმართა მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლით, სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით, 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელი მეგის ქარდავა არაერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა მიმალვაში და მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადებული იყო ძებნა. საბოლოოდ, 2021 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოში მსჯავრდებულის ექსტრადირება განხორციელდა.

მ.ქ.-ს მიმართ საქართველოში არსებული 11 სისხლის სამართლის საქმიდან 5-ზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო 6 სისხლის სამართლის საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში", - ვკითხულიბთ პროკურატურის განცხადებაში.

Print