ახალი ამბები
გალში რუსული ენის შემსწავლელი ცენტრი გაიხსნა
გალის რაიონში რუსული ენის შემსწავლელი ცენტრი გაიხსნა. მისი ხელმძღვანელი იგორ ბასოვი აცხადებს, რომ ცენტრი 15 სექტემბრიდან ამოქმედდება და მისი მიზანია, "6 პროგრამის განხორციელება და 3 კულტურულ - საგანმანათლებლო ღონისძიების ჩატარება", - წერს "სპუტნიკი".

მისივე თქმით, ცენტრში "რუსულ ენას და მისი ეფექტური სწავლების მექანიზმებს" გალის რაიონის სკოლების მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეასწავლიან. ამავე ცნობით, სამ თვეში 300 - მდე ადამიანის მომზადება იგეგმება.

"გალის რაიონი საკმაოდ რთულია. სპეციფიკიდან გამომდინარე, ადგილობრივი მოსახლეობა იზოლირებულია აფხაზეთის დანარჩენი ნაწილისგან და ეს სწორედ იმის გამო ხდება, რომ რუსულ ენასთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები. ჩვენი ცენტრის მუშაობა მიზნად ისახავს ამ პრობლემების აღმოფხვრას თუ არა, შემცირებას მაინც", - აღნიშნა მან.

რუსულ ენას გალის ცენტრის მსმენელებს რუსეთის განათლების სამინისტროს დავალებით, არმავირის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სპეციალისტები შეასწავლიან. სამომავლოდ, ბასკოვის განცხადებით, იქ აფხაზური ენის და Iთ ტექნოლოგიების შესწავლაც იგეგმება.

ამავე ინფორმაციით, ცენტრი გალში ივნისში გაიხსნა. პროექტს კი რუსეთის განათლების სამინისტრო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.








Print