ახალი ამბები
სოხუმში აპარტამენტების კანონის ამოქმედების და ანექსიის საფრთხეებზე - DRI
„აპარტ-სასტუმროებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ კანონპროექტი“, რომელიც რუსეთის მოქალაქეების ოკუპირებულ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის უფლებას ანიჭებს, დღემდე მწვავე კამათის საგანია სოხუმში.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზი დეპუტატები ახალი „კანონის“ მიღებაზე და ამოქმედებაზე მსჯელობენ.

აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია, რომელიც თავად არის „საკანონმდებლო წინადადების“ ინიციატორი, „სახალხო კრებისგან“ კანონპროექტის მიღებას ივლისშივე მოითხოვს.

ასლან ბჟანიას „აპარატის“ მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, 10-12 წლის განმავლობაში “აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე (ერთ რაიონში არაუმეტეს 5 ათასისა) 30 ათასამდე აპარტამენტი უნდა აშენდეს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში უძრავი ქონებისა და მიწის უცხოელებზე გაყიდვა ამ დრომდე აკრძალულია, რაც რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების უკმაყოფილებას იწვევს.

„მაშინ, როდესაც აფხაზური ოპოზიცია კანონპროექტის წინააღმდეგ იმ მოტივით ილაშქრებს, თითქოსდა ის ხელს შეუწყობს რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ქართველების მიერ აფხაზეთში ქონების შეძენას, აშკარაა, რომ აფხაზური სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი კრიტიკულადაა განწყობილი რუსი „ინვესტორების“ მიმართ“, - წერს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი [DRI].

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, აფხაზეთში მიმდინარე პროცესები, გრძელვადიან პერსპექტივაში, აფხაზეთის ანექსიის მნიშვნელოვან საფრთხეს შეიცავს და მსგავსი ინიციატივების განხორციელება კონფლიქტის რეგულირებამდე დაუშვებელია.

„წლების განმავლობაში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებები ცდილობდნენ და წარმატებით ახერხებდნენ საკითხის განხილვის გადავადებას. თუმცა, რუსული მხარის მოთხოვნა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. კანონპროექტის მიხედვით, უცხოელებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს „აპარტ-სასტუმროებში“ ბინების შეძენა აღარ ეკრძალებათ. გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი (ან მათი ოჯახის წევრი) აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ წინააღმდეგ მოქმედებებში მონაწილეობდა“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მიუხედავად იმისა, რომ ქონების საკუთრებაში ქონა, „არ ნიშნავს ბინადრობის უფლების ან მოქალაქეობის მიღებას“ აფხაზური საზოგადოების ნაწილი „კანონპროექტის“ მიღების წინააღმდეგია, რადგან ისინი თვლიან, რომ „ახალი კანონმდებლობის მიზანი აფხაზეთის სტრატეგიული ქონების რუსების საკუთრებაში გადაცემა იქნება“.

"აფხაზების ნაწილს მიაჩნია, რომ ხელისუფლება აფხაზეთის საკუთრებას ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ განკარგავს. რუსული ინვესტიციების ჩადება გალის რეგიონშიც მოიაზრება ძველი სასტუმროების ადგილზე", – ვკითხულობთ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა. იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.





Print