აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ პარლამენტში საერთაშორისო, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის სხდომა გაიმართა, წერს „აფსნიპრესი“. გამოცემის ინფორმაციით,
დეპუტატებმა „სოხუმის აეროპორტის საქმიანობის აღდგენისა და შემდგომი ფუნქციონირების საინვესტიციო პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების“ საკითხი განიხილეს.
“კანონპროექტის” განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულება არეგულირებს რუსული იურიდიული პირის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელებას და განსაზღვრავს მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს.
ამავე ცნობით, სხდომაზე გადაწყდა, რომ „პარლამენტის“ სესიის მომდევნო სხდომაზე რეკომენდაცია გაუწიონ „კანონპროექტის“ მიღებას.
ინფორმაციისთვის, სოხუმი აეროპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას მიმდინარე წლის ივნისში სანკტ - პეტერბურგში მოაწერეს ხელი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა ქრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება რუსული მხარის დახმარებით სოხუმის აეროპორტის აღდგენას 2024 წლისთვის ვარაუდობს.
უფრო ადრე, აფხაზური მედია წერდა, რომ ინვესტორად გამოდის რუსული ინდუსტრიული ჯგუფი Basic Element , რომელთა კომპანიები აკონტროლებენ ან შედიან რუსი ოლიგარქის ოლეგ დერიპასკას ბიზნეს ინტერესების სფეროში.
2019 წლის ივლისში აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ მიიღო დადგენილება სოხუმის აეროპორტისთვის "ერთობლივი აეროდრომის" სტატუსის მინიჭების და ასო-კოდის მინიჭების შესახებ. ამ დოკუმენტის შესაბამისად, აფხაზეთის საჰაერო სივრცეს მიენიჭა ოთხასოიანი კოდი "URAS" რუსეთის ფედერაციის საავიაციო ინფორმაციის კრებულში (AIP) შემდგომ შესატანად.
საქართველოს სამოქალაქო საავიაციო სააგენტო მაშინ განცხადებით გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებას სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება.
2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO- მ გააუქმა სოხუმის აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია ამის შესახებ.
ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. აღნიშნული კოდის მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.
საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.
მასალის გამოყენების პირობები