ახალი ამბები
გუდაუთაში როტავირუსული ინფექციით ორ კვირაში 300 - მდე ბავშვი დაავადდა - ჩანბა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში როტავირუსული ინფექცია მძვინვარებს, განსაკუთრებით, გუდაუთის რაიონში, წერს "აბხაზია ინფორმი".

გუდაუთის რაიონის "მთავარმა სანიტარულმა ექიმმა" ინგა ჩანბამ განაცხადა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში გუდაუთაში როტავირუსით 300-მდე ბავშვი დაინფიცირდა. მისივე ცნობით, საავადმყოფოს ყოველდღე 30 - მდე ადამიანი მიმართავს, მათი უმრავლესობა ტურისტები არიან, გუდაუთის სასტუმრო "როსიას" ბინადრები.

მისივე განმარტებით, რუსი ტურისტების მასობრივი დაინფიცირება იმას უკავშირდება, რომ "განსხვავებით აფხაზეთისგან რუსეთში ბავშვებს როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ უტარდებათ".

გამოცემის ინფორმაციით, "აფხაზი კოლეგების დასახმარებლად, გუდაუთაში უკვე ჩავიდნენ რუსი ინფექციონისტები".

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგების თანახმად, როტავირუსული ინფექციის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გუდაუთის, გაგრის და სოხუმის რაიონებში ფიქსირდება, ყველაზე დაბალი კი ტკვარჩელის, ოჩამჩირის, გულრიფშის და გალის რაიონებში.


Print