ახალი ამბები
არავისთვის არ ვაპირებ ჩვენი მიწების დათმობას, - ბჟანია აპარტ- სასტუმროებზე
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა გუდაუთის რაიონის "აქტივთან" გასვლითი თათბირი გამართა, რომელზეც ეკონომიკური საქმიანობის საკითხები განიხილეს, წერს "აფსნიპრესი".

ერთ - ერთი კითხვა, რომელიც ასლან ბჟანიას დაუსვეს, აპარტ -სასტუმროების შესახებ "კანონპროექტს" ეხებოდა.

აფხაზი ლიდერის თქმით, ამ საკითხს ემოციურად არ უნდა მიუდგნენ, რადგან რესპუბლიკაში "ბევრი პრობლემაა გადასჭრელი" და "ძალიან სერიოზულად უნდა იმუშაონ იმაზე, რასაც ჰქვია "ეკონომიკური სუვერენიტეტი".

"არავისთვის არ ვაპირებ ჩვენი მიწების დათმობას. მიწა იმისთვის მოგვეცა, რომ ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ მასზე... აფხაზი ხალხი იცავდა და იცავს თავის მიწას, რათა შვილები აქ აღზარდოს... აპარტამენტების თემა, რაზეც ვისაუბრეთ, არის ეკონომიკური საკითხი, რომელსაც, სინამდვილეში, ძალიან ცოტა პოლიტიკური მომენტი ახლავს", - დასძინა მან.

აფხაზი ლიდერი თვლის, რომ აფხაზეთში დემოგრაფიული თუ გარემოსდაცვითი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა სათანადო და დაბალანსებული მიდგომა "აპარტამენტების საკითხის" მოგვარების მიმართ.

ბჟანიამ აღნიშნა, რომ "კანონპროექტი" ჯერ არ არის მიღებული და ის გულდასმით გაანალიზებას, დადებითი და უარყოფითი მხარეების აწონ- დაწონვას მოითხოვს.

"ბევრია სახელმწიფო, რომელმაც თუნდაც აპარტ-სასტუმროების მშენებლობის წყალობით შეძლეს ტურიზმის სექტორის განვითარება და ეკონომიკის გაძლიერება", - განაცხადა მან.

"აპარტ-სასტუმროებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ კანონპროექტი", რომელიც რუსეთის მოქალაქეების ოკუპირებულ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის უფლებას ანიჭებს, მწვავე კამათის საგანია სოხუმში.

ოკუპირებულ აფხაზეთში უძრავი ქონებისა და მიწის უცხოელებზე გაყიდვა ამ დრომდე აკრძალულია. აფხაზური საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, "კანონპროექტი" , რომლის დამტკიცებასაც ჩქარობს აფხაზი ლიდერი, "ეროვნული ინტერესებს ეწინააღმდეგება".


ამავე თემაზე:

სოხუმში აპარტამენტების კანონის ამოქმედების და ანექსიის საფრთხეებზე - DRI

Print