ახალი ამბები
შავი ზღვის წყლის ხარისხი, მათ შორის, ანაკლია-განმუხურში, ნორმის ფარგლებშია - გარემოს ეროვნული სააგენტო
16 და 20 ივლისს განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია, ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამავე ცნობით, კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ - ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.

10 ივლისიდან გარემოს ეროვნული სააგენტო, შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს, დანარჩენ 9 სადგურთან ერთად, ანაკლია - განმუხურის ტერიტორიაზე 3 წერტილზე ახორციელებს.

10 დღეში ერთხელ აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები და საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება.

უწყების განმარტებით, "ლაბორატორიები აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. დაინტერესების შემთხვევაში მონაცემები არის საჯარო და გამჭვირვალე".

Print