ახალი ამბები
უშგულში სვანური სახლი ჩამოინგრა
უშგულში სოგრატ ნიჟარაძის სვანური სახლი დაინგრა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი შვილი ფოთოლა ნიჟარაძე ავრცელებს.

ნიჟარაძე წერს, რომ სახლში ჩაჟაშში დგას, რომელიც, თავის მხრივ, იუნესკოს ძეგლთა დაცვის ნუსხაშია შესული და მაჩუბი ახლიდანაა გადახურული სახელმწიფოს მიერ, თუმცა, უხარისხოდ.

„პირველ რიგში, დავიწყებ იმით რომ მადლობა უფალს ნანგრევებში, რომ არავინ მოყვა.

უშგულიდან გვაცნობეს, რომ მამაჩემის სოგრატ ნიჟარაძის სვანური სახლი დაინგრა. სახლი, რომლის შეძენისათვის აღებული ვალების დაფარვას ჩემმა დედ-მამამ მთელი ცხოვრება შეალიეს. მოგეხსენებათ, ჩაჟაში იუნესკოს ძეგლთა დაცვის ნუსხაშია შესული( ეს სვანური მაჩუბი მუზეუმის წინ დგას) და ყველა სვანური კოშკი და მაჩუბი ახლიდანა გადახურული სახელმწიფოს მიერ. ძალიან უხარისხოდაა გადახურვა შესრულებული. ფორმალურად ადევს ფიქალი ტოლზე, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ქვის ფილებმა და ზამთარში ყინვამ მარტივად დააზიანა ტოლი. არსებობს ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ჩადის ნაგებობაში წვიმის წყალი, რამაც დააზიანა კედლები და შედეგი აგერ დღეს დილით დადგა. ყველაფერი, რაც ღირებულია, ინგრევა და იშლება. არა მგონია რომელიმე ვიზიტორს გაუჩნდეს სურვილი ამ ისტორიის განადგურების შემდეგ უშგულში სტუმრობის. არც მფლობელებს აძლევთ უფლებას ხარისხიანად გააკეთონ, გადახურონ სახლები და არც მათ იზრუნეს ხარისხზე, ვისაც ეს ევალებოდა, არადა ფინანსები ხომ იყო გამოყოფილი ამ ყველაფერზე. მივმართავ თხოვნით ყველას, ვისაც ეს ევალება, მიხედოთ და გაფუჭებული საქმე გამოასწოროთ ( ეს მაჩუბი ტოლით გადახურვამდე საუკუნეებს ითვლიდა). არ ვიცი, აქ რამდენად სწორ მისამართზე ვწერ მაგრამ ყველგან გავაგზავნი ამ ინფორმაციას. მივწერ პრემიერს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ვაცნობე ყველას, ვისაც შეიძლება სცოდნოდა ეს არასასიამოვნო ფაქტი. რამდენიმე წელია დავდივართ ძეგლთა დაცვის სამინისტრიში, ვაგზავნიდით წერილებს და ფოტოებს ამის შესახებ. არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. გვაქვს განცხადებები გაგზავნილი“, - წერს ნიჟარაძე.

ის სოციალური ქსელის საშუალებით კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს თეა წულუკიანს მიმართავს და საკითხზე რეაგირებას სთხოვს.


Print