ახალი ამბები
ზუგდიდის დრამატული თეატრის ხელმძღვანელის პოსტზე კონკურსი გამოცხადდა
კულტურის სამინისტრომ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას უწყება თავად ავრცელებს.

ამავე ცნობით, კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ იურიდიულ პირებს, რომელთაც აქვთ თეატრალური საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, ან საინიციატივო ჯგუფებს არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით, რომელიც თეატრალურ სფეროში საქმიანობს.

საკონკურსო დოკუმენტაცია 10 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით მიიღება.

კულტურის სამინისტრო აქვეყნებს დოკუმენტებსა და მოთხოვნების შესახებ ინფორმაციასაც.

კანდიდატმა 4 წლიანი სამოქმედო გეგმა და პროგრამა უნდა წარადგინოს თეატრის განვითარების ხედვასა და კონცეფციასთან ერთად. ამასთან, სამინისტროში აცხადებენ, რომ თუ პოზიციაზე არჩევა სურს ყოფილ ან მოქმედ სამხატვრო ხელმძღვანელს, მან ასევე უნდა წარადგინოს მისი დანიშვნისას წარდგენილი სამოქმედო გეგმისა და სამოქმედო პროგრამის შესრულების დეტალური ანგარიში, ასევე, ანგარიში მისი ხელმძღვანელობის ქვეშ თეატრის მიღწევების შესახებ.


რადიო „ათინათი“ დაუკავშირდა თეატრის ამჟამინდელ სამხატვრო ხელმძღვანელს ლაშა შეროზიას. მისი თქმით, არ იცოდა, რომ კონკურსი დღეს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა 4 წლიანი ვადა მას ეწურება და კონკურსის გამოცხადებას ელოდა. მიიღებს თუ არა მონაწილეობას თავად, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ მაქვს.

„ოქტომბრის ბოლომდე მაქვს ხელშეკრულება დადებული. ავტომატურად ცხადდება კონკურსი. ჩემი გადასაწყვეტია, მივიღებ თუ არა მონაწილეობას, ალბათ, კი. უბრალოდ, არ ვიცოდი, რომ დღეს დაიდებოდა“, - თქვა შეროზიამ.

ლაშა შეროზია ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს 2019 წლის პირველ ნოემბერს წარუდგინეს.



Print