ახალი ამბები
აფხაზეთში ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის პირველი ეტაპი 14 აგვისტოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს სახელმწიფო საბჭოს მიერ ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდია და პოლიცია აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რუსეთ-საქართველოს რკინიგზის სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად შევიდა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით ფორმირებულმა ე.წ აფხაზურმა გვარდიამ ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა ქართულ სამხედრო შენაერთებს.საომარ მოქმედებებს სეპარატისტები რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერითა და მათთან კოორდინაციით ახორციელებდა.

სეპარატისტებმა რუსული სამხედრო ძალების დახმარებით აიღეს გაგრა. ქალაქში მოწყობილ ეთნიკურ წმენდას რამდენიმე ასეული სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა.

1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში შევარდნაძისა და ელცინის შეხვედრაზე ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის, აფხაზეთიდან ქართული სამხედრო ტექნიკის გაყვანისა და დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების შესახებ დოკუმენტს. შეთანხმება რუსულმა მხარემ დაარღვია.

აფხაზეთის ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. გადამწყვეტი ბრძოლა სოხუმთან მოხდა, როდესაც ალყაშემორტყმული ქალაქი ინტენსიურად იბომბებოდა რუსული არტილერიითა და ავიაციით, 27 სექტემბერს კი სოხუმი დაეცა.

ომს ასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა, 300 ათასამდე ადამიანი დევნილად იქცა.

ფოტო: მაიკლ გოლდვოთერი
Print