ახალი ამბები
გაგრისა და სოხუმის რაიონებში ძლერი წვიმის შედეგების აღმოფხვრა გრძელდება
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, გაგრის რაიონში ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელშიც შესაბამისი სამსახურების 30 - მდე თანამშრომელია ჩართული. ამავე ცნობით, 13 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა წვიმამ დაბა ფსახარაში კერძო სახლები, ასევე სადგურის ტერიტორია და ქუჩები დატბორა.

„საგანგებოს“ ინფორმაციით, ზარალი მიადგა სოხუმის რაიონის სოფელ ფსხუსაც, სადაც წვიმამ ხეები წააქცია. სახანძრო - სამაშველო განყოფილების თანამშრომლებმა სოფლის ქუჩები დაასუფთავეს და ჩახერგილი გზა გახსნეს.

იმავე დღეს, რიწის ტბისკენ მიმავალ გზაზე ორ ადგილას ღვარცოფი ჩამოწვა, თუმცა, ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და მოძრაობა აღდგენილია.

მანამდე, 8 - 9 ივლისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ, გაგრის რაიონში წყალდიდობა გამოიწვია, მაშინ დაიტბორა 1200 - ზე მეტი სახლი, სტიქიის შედეგად დაინგრა გზები, ჩამოირეცხა სარკინიგზო ლიანდაგის მონაკვეთები, დაზიანდა 100-ზე მეტი ტურისტული ობიექტი.




Print