ახალი ამბები
ასლან ბჟანიას მოსკოვში ოპერაცია ჩაუტარდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ასლან ბჟანიას მოსკოვის ერთ - ერთ კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.

"საფუძვლიანი დიაგნოზის შემდეგ მას ოპერაცია გაუკეთეს. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება ", - წერს "აფსიპრესი" ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.

ამავე ცნობით, სარეაბილიტაციო პერიოდი რამდენიმე დღე გაგრძელდება, რის შემდეგაც აფხაზი ლიდერი მივლინებას რუსეთის ფედერაციაში გააგრძელებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაცით, აფხაზმა ლიდერმა მოსკოვში "სამუშაო ვიზიტისას", ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამედიცინო დაწესებულებას მიმართა.

ბჟანიამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 2019 წელს მონაწილეობა ვერ მიიღო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში. მისი მომხრეები ეჭვობდნენ, რომ ის მოწამლეს.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მას ჯერ რუსეთში, შემდეგ კი, გერმანიაში მკურნალობდნენ, თუმცა, რა დიაგონოზით, უცნობია.

2020 წლის მარტში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდა, "ჯანდაცვის" სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მას ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია დაუდგინდა.

თავდაპირველად ის სოჭის ერთ-ერთ კილინიკაში, შემდეგ კრასნოდარის საოლქო საავადმყოფოში გადაიყვანეს სამკურნალოდ. ამავე პერიოდში, "რია ნოვოსტი" ავრცელებდა ინფორმაციას ყუბანის სამედიცინო წრეების წყაროზე დაყრდნობით, რომ ექიმებმა ბჟანიას დაუსვეს დიაგნოზი: "გაურკვეველი ნივთიერებით მოწამლვა".


Print