ახალი ამბები
სოხუმმა აეროპორტის აღდგენის შესახებ მოსკოვთან "შეთანხმების" პირობების შესრულება დაიწყო
ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ენერგოკომპანიის "ჩერნომორენერგოს" განცხადებით, მათ დაასრულეს ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რომელიც სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციით დაკავებული სამშენებლო ბაზის საჭიროებებს მოხმარდება.

შესაბამისად, დე ფაქტო ხელისუფლებამ დაიწყო სოხუმის აეროპორტის საქმიანობის აღდგენისა და შემდგომი ფუნქციონირების შესახებ ახლახან რატიფიცირებული შეთანხმებაში გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, წერს "ეხო კავკაზა".

2023 წლის ივლისის ბოლოს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა საბოლოო მოსმენით, რუსეთის იურიდიულ პირთან სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას დაუჭირეს მხარი.

ხელშეკრულება "არეგულირებს რუსული იურიდიული პირის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელებას და განსაზღვრავს მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს".

ის ითვალისწინებს სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის შექმნას, ამასთან, ინვესტორი თავისუფლდება ყველა გადასახადისგან 25 წლით, გარდა საშემოსავლო გადასახადისა და იმპორტის დღგ-ისა. აფხაზური მხარის ვალდებულება იქნება 1,5 მეგავატი სიმძლავრის ორი ქვესადგურის რეკონსტრუქცია - აგუძერასა და გულრიფშში, ასევე მისასვლელი გზის მშენებლობა"

სოხუმმა და მოსკოვმა, აეროპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას მიმდინარე წლის ივნისში სანკტ - პეტერბურგში მოაწერეს ხელი.

უფრო ადრე, აფხაზური მედია წერდა, რომ ინვესტორად გამოდის რუსული ინდუსტრიული ჯგუფი Bასიც Eლემენტ, რომელთა კომპანიები აკონტროლებენ ან შედიან რუსი ოლიგარქის ოლეგ დერიპასკას ბიზნეს ინტერესების სფეროში.




Print