"ჩვენი დიალოგი ბელარუსთან კარგად ვითარდება. თუ ბელორუსის რესპუბლიკა აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოებრიობის გასაძლიერებლად" - ამის შესახებ აფხაზეთის
დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოჩამჩირის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, წერს "აფსნიპრესი".
არძინბას თქმით, ეს "შესაძლებელს გახდის მოლაპარაკებების გამართვას საკავშირო სახელმწიფოს ფარგლებში აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის სრულად შენარჩუნებით".
შეხვედრაზე "რუსულ-აფხაზური ურთიერთობებზე" საუბრისას, მან აღნიშა რომ სოხუმსა და მოსკოვს შორის "2008 და 2014 წლებში გაფორმდა ორი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, "თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების" და "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულებები. ხოლო "მათ საფუძველზე გაფორმდა ყველა შემდგომი შეთანხმება". არძინბამ აღნიშნა, რომ "რუსეთის დახმარება აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების" თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია.
ოკუპირებული აფხაზეთის "საგარეო უწყების" ხელმძღვანელი, აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას დავალებით, "რეგიონებში სამუშაო შეხვედრებს მართავს" ადგილობრივი ე.წ. ადმინისტრაციების ხელმძღვანელობასთან.
2020 წლის დეკემბერში ასლან ბჟანია განაცხდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის ე.წ საელჩოს გახნსაზე ფიქრობს, რადგან "ბელარუსი ახორციელებს დიდ პროექტს ოჩამჩირის რეგიონში, რომელიც ბევრად აღემატება 50 მილიონ დოლარს".
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის 28 სექტემბერს ჩავიდა, სადაც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ - მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ განაცხადეს, რომ "მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში", რაც მათი თქმით "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევაა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ანატოლი ლისი.
საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა. იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.
ამავე თემაზე:
ბჟანია ფიქრობს, რომ აფხაზეთში ბელარუსის საელჩო უნდა გაიხსნას
მასალის გამოყენების პირობები