ახალი ამბები
ხელისუფლების წარმომადგენლები კარასინის განცხადებას გამოეხმაურნენ
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, რუსეთს საკუთარი სტრატეგიული ხედვა აქვს, რომელიც საქართველოს ხედვებთან წინააღმდეგობაშია, ჩინეთისა და ინდოეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას კი პერსპექტივა არ გააჩნია.

"რასაკვირველია, ჩინეთთან და ინდოეთთან ჩვენი პოზიციის სრული თანხვედრაა. არსებობს არაღიარების პოლიტიკის გარკვეული სტრატეგიული მიმართულებები, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები უზრუნველყოფენ. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ ამას პერსპექტივა არ გააჩნია", - თქვა ვოლსკიმ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებული მსგავსი განცხადებების მიუხედავად, საქართველო გააგრძელებს წარმატებული არაღიარების პოლიტიკის საქმეს.

ასეთი განცხადებები ჩვენ მოგვისმენია. ჩვენთვის მთავარი არის, რომ საქართველო, მთელი ამ წლების განმავლობაში წარმატებით ახორციელებს არაღიარების პოლიტიკას და სწორედ ჩვენი ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკის შედეგია ის, რომ არცერთი ერთეულით არ გაზრდილა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც აღიარებული აქვთ ე.წ. დამოუკიდებლობა. ჩვენ, განცხადებების მიუხედავად, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკის საქმეს. ჩვენ ასეთი განცხადებები მოგვისმენია, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა არაღიარების კუთხით ყველაფრის მიუხედავად წარმატებული იყო", - ამბობს კობახიძე.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა, იმავე წლის სექტემბერში კი ნიკარაგუამ. 2009 წელს დე ფაქტო რესპუბლიკები აღიარა ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს სირიამ. ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ დამოუკიდებლობა ჯერ აღიარა და შემდეგ გააუქმა - ტუვალუმ და ვანუატუმ.


ამავე თემაზე: რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი ინდოეთმა და ჩინეთმა აღიაროს - კარასინი
Print