ახალი ამბები
ივნისსა და აგვისტოში სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში უკანონოდ მოქმედი 18 აფთიაქი გამოავლინეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის ივნისს-აგვისტოს პერიოდში, თბილისის, სამეგრელოს, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში კანონდარღვევით მოქმედი 18 აფთიაქი გამოავლინეს. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.


ამავე ცნობით, სააფთიაქო დაწესებულებებს არ გააჩნდათ საქმიანობისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვები, საიდანაც რეცეპტის გარეშე ახდენდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია.

ამ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელებულია 33 პირის მიმართ. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

Print