ახალი ამბები
ზუგდიდის მერია კულტურის სახლის ყოფილ შენობას თითქმის განახევრებულ ფასად ყიდის
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ყოფილი კულტურის სახლის შენობა და მიმდებარე ტერიტორია 1 600 000 ლარად იყიდება. შესაბამისი განმეორებითი აუქციონი ელექტრონულ ვებგვერდზე 30 აგვისტოს გამოცხადდა, აუქციონში მონაწილეობის ვადა კი 11 სექტემბერს 17 საათზე იწურება.

რადიო „ათინათი“ დაინტერესდა, რატომ გაანახევრა მერიამ შენობისა და მიწის ფასი, როცა გასული წლის დეკემბერში აღნიშნულ ობიექტს 3 მილიონ ლარად ასხვისებდა. ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსმა ლაშა ადეიშვილმა გვითხრა, რომ ფასი საკმაოდ მაღალი იყო და აუქციონში მონაწილეობა არავინ მიიღო.

„გაყიდვა გვინდა და ამიტომ დავადეთ ეს ფასი. მიმდინარე აუქციონია და ვნახოთ, რამდენი მსურველი იქნება“, - დასძინა ადეიშვილმა. ამასთან, ის პირობას დებს, რომ ხელშეკრულება ისე გაიწერება, შენობაში მყოფ ზუგდიდის თეატრის დასს პრობლემა არ შეექმნება.

„თეატრიც და ყველა ის სივრცე, რომელიც ახლა ამ შენობაში ფუნქციონირებს, გაყიდვის შემთხვევაში, განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას. შესაბამის პირობას ხელშეკრულებაში გავწერთ“, - თქვა ადეიშვილმა.

აუქციონის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ წელიწადში სრული საინვესტიციო პროექტი უნდა წარადგინოს, ნებართვის გაცემიდან სამი წლის ვადაში კი ობიექტი ექსპლუატაციაში მიიღოს.

"უძრავი ქონების ფუნქციურად გამოყენების ნებადართულ სახეებად განისაზღვროს: ა) მრავალფუნქციური შენობა; ბ) სარეკრეაციო სივრცეები და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა და ნაგებობა; გ) კვების, სავაჭრო და საოფისე ობიექტი; დ) სამეწარმეო ობიექტი, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს; ე) კულტურის, სოციალური, ჯანდაცვისა და სასპორტო ობიექტი; ვ) სკოლამდელი და სასკოლო აღზრდის დაწესებულება; ზ) სასტუმრო; თ) ადმინისტრაციული ობიექტი; ი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი; კ) გასართობი დაწესებულება, რომლის დანიშნულება მისი დასაშვებობის საშუალებას იძლევა; ლ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი; მ) სავაჭრო ცენტრი", - ვკითხულობთ ელექტრონული აუქციონის ვებგვერდზე მითითებულ განმარტებაში.

ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია

Print