ახალი ამბები
მომდევნო დღეებში ზღვაზე შტორმია ნავარაუდევი - გარემოს ეროვნული სააგენტო
9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი ნალექები, ელჭექი და სეტყვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე კი შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

„9 სექტემბრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა და მაღალმთიან რეგიონებში, შესაძლებელია, თოვლჭყაპი აღინიშნოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

Print