რეგიონი
სამეგრელოდან გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში 25 მაშველი მუშაობს
გურიაში, სტიქიის ზონაში ზუგდიდიდან 25 მეხანძრე - მაშველი გაემგზავრა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის გოჩა მურღულიას თქმით, სამეგრელოდან ჩასული მაშველთა ჯგუფი უკვე ჩაერთო სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის რეგიონში 200-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მობილიზებულია ტექნიკა.

უწყება რეგიონში მყოფ მოსახლეობას მოუწოდენს თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს.

ინფორმაციისთვის, გურიის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ქუჩები, წაიღო ხიდები, დაამტვრია ხეები, ჩამოშალა მიწის მასები. სტიქიას ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ერთის სამძებრო სამუშაოები კი, ამ დრომდე მიმდინარეობს.

ფოტო - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური




Print