ახალი ამბები
მდინარე მაგანაზე წყლის ნაკადი შემცირებულია და წყლის შესაძლო დაგუბების საფრთხეა - ჯვარის მოსახლეობა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში, მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მდინარის ნაკადის შემცირებას ხეობაში წყლის შესაძლო დაგუბებას უკავშირებს.

სიტუაციის გასაცნობად ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ უფროსთან და წალენჯიხის მერთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე მოხდა ხეობის აეროგადაღების კამერით დათვალიერება, თუმცა ხოკოს ხეობის ზედა ნაწილის დათვალიერება დაღამების გამო ვერ მოხერხდა, შესაბამისად ხვალიდან ტერიტორიის შესწავლაში სპეციალისტები ჩაერთვებიან.

მათივე გაცხადებით, ადგილზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, წალენჯიხის მერიამ მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის გააფრთხილა,  რათა საშიშროების თავიდან აცილების მიზნით მდინარის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა ამაღამ საცხოვრებელ სახლებს გაერიდოს.


Print