ახალი ამბები
სოხუმის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქე ქალის მამა ხელისუფლებას დახმარებას თხოვს
ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ქრისტინე თაკალანძის მამა, რომელიც გალის რაიონში ცხოვრობს, საქართველოს მთავრობასა და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

მან რადიო "ათინათს" უთხრა, რომ მისი შვილი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა 25 წლის ქალს წარუდგინა, საუბარია "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაზე". საბოლოოდ კი, ე.წ. "სასამართლომ" თაკალანძეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ველოდი თაკალანძემ მოკლედ გაიხსენა 2022 წლის ივლისში ქრისტინე თაკალანძის დაკავების ეპიზოდიც.

"ღამე იყო, 12 საათი იქნებოდა, ვიღაცა შუქს ანთებდა. მეზობელი მეგონა, ალბათ, ცოტახანი სალაპარაკოდ შემოდის-მეთქი, ვიფიქრე, გავედი გარეთ, მეც მივუნათე, მაშინ ვნახე შეიარაღებული ხალხი. 15 მანქანა ყოფილა ჩემს ეზოში, რა დროსაც გავიგე, რომ ქრისტინა დააკავეს სოფელ აზობშაში, სურათებს უღებდაო სტრატეგიულ ობიექტებს და რაღაცებს მეუბნებოდნენ...სახლშიც ყველაფერი დაათვალიერეს. მე მხოლოდ ვითხოვ, გაარკვიონ, არის თუ არა დამნაშავე და თუ არა, გამოუშვან", - ამბობს თაკალანძე. 

გარდა ამისა, ის საუბრობს მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე, რადგან შვილის პატიმრობის შემდეგ ოჯახის ეკონომიკური სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. მამა გვიყვება, რომ ახლა შვილისთვის ციხეში პირადი ნივთების მისატანი ფულიც კი არ აქვს. მან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართა, ასევე, ესაუბრა სახალხო დამცელის წარმომადგენელს.

"ყველაფერი გავყიდე, არაფერი მაქვს. ყოველ წასვლაზე ფული მინდა, რონ მივიდე და რაღაცები შევუგზავნო, თუნდაც, პირადი ნივთები. აქ ბინას ველოდებით, უკვე, 30 წელია, მაგრამ არაფერია. უკვე იმდენად მიჭირს, რომ მეზობლები მაჭმევენ საჭმელს", - გვიყვება ველოდი თაკალანძე.


მისი ინფორმაციით, "სასამართლოს" გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და პროცესის მოლოდინში არიან.

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, 25 წლის ზუგდიდში დაბადებულ ქრისტინე თაკალანძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა 5 მაისს მიუსაჯა. საოკუპაციო რეჟიმი თაკალანძეს "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობას" ედავება.

თაკალანძე 2022 წლის ივლისში "ჯაშუშობის" ბრალდებით გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში დააკავეს.


ამავე თემაზე:

ყველაფერი კეთდება ქრისტინე თაკალანძის გასათავისუფლებლად - სუს - ი





Print