ახალი ამბები
საქართველოს მოსახლეობის 84% თვლის, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს - კვლევა

2023 წლის საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური კვლევით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა (84%) თვლის, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს.


აღნიშნულის შესახებ გამოკითხვის შედეგებს EU NEIGHBOURS EAST აქვეყნებს. ამავე ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი ცხრა პუნქტით არის გაზრდილი 2016 წელთან შედარებით, როდესაც გამოკითხვა პირველად ჩატარდა.

გარდა ამისა, მკვეთრად არის გაზრდილი ინფორმირებულობა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. კერძოდ, წელს ეს მაჩვენებელი 82%-ს უტოლდება — 2016 წლის 60%-თან შედარებით, ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ამავე კვლევის თანახმად, ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად. კერძოდ, მას ენდობა გამოკითხულთა 78%. ეს მაჩვენებელი 2016 წლის შემდეგ 12% - ით არის გაზრდილი.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას (54%) დადებითი წარმოდგენა აქვს ევროკავშირზე - შედარებით 3% - თან, რომელიც ევროკავშირს უარყოფითად აფასებს.

მაშინ, როცა გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, ამასთან, 46% ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სფეროებში მეტ მხარდაჭერას მიესალმება.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროგრამამ 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა აღმოსავლეთ სამეზობლოს ექვს ქვეყანაში - სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, 2016 წლიდან მოყოლებული, მერვედ ჩაატარა.

ეს ბოლო გამოკითხვა 2023 წლის თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1,000 რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების საშუალებით ჩატარდა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კვლევის შედეგები ეროვნულ ანგარიშებშია წარმოდგენილი.

2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ევროპული საბჭოს ლიდერები მიმდინარე წლის ბოლომდე შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა. ამასთან ერთად, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ჩვენმა ქვეყანამ 12 - პუნქტიანი რეკომენდაცია უნდა შეასრულოს.








 

Print