ახალი ამბები
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხატია ჯანაშიას მიმართ გამოცემული ორდერი ძალაში დატოვა - PHR
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და კანონიერად მიიჩნია „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ ზუგდიდელი წევრის, ხატია ჯანაშიას მიმართ გამოცემული დამცავი ორდერი. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ავრცელებს, რომელიც სასამართლოში არასრულწლოვნის ინტერესებს იცავს

„თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ორდერი გამოცემული იყო კანონიერად. ორდერი გამოცემულია 9 თვის ვადით. ხატია ჯანაშიას აეკრძალა არასრულწლოვნის გამოსახულების გამოყენება და გავრცელება; ასევე, ყველა სახის მედია საშუალებების (მათ შორის - სოციალური მედიის) და სოციალური ქსელების გამოყენებით, არასრულწლოვნის შესახებ საუბარი“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე.

მათივე განმარტებით, საქმე ეხებოდა ხატია ჯანაშიას მიერ არასრულწლოვნის ვიდეოს გამოყენებას და გავრცელებას იმგვარად, რომ საზოგადოებას შეექმნა წარმოდგენა თითქოს არასრულწლოვანი საუბრობდა წიგნზე, რომელიც ლგბტქ თემატიკაზეა დაწერილი, რითაც წარმოიშვა საფრთხე არასრულწლოვნის მიმართ კონსერვატიული და ულტრა მემარჯვენე ჯგუფების მხრიდან.


ამავე თემაზე: სასამართლომ პრორუსული ორგანიზაციის ზუგდიდელი წევრის მიმართ დამცავი ორდერი გამოსცა
Print