ახალი ამბები
მესაზღვრე პოლიციელი, რომელსაც მესტიაში მკვლელობაში მონაწილეობას ედავებოდნენ, ამ ეპიზოდში გამართლდა - ადვოკატი
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც მესტიაში, პირველი იანვრის ღამეს მომხდარ მკვლელობაში მონაწილეობასა და რამდენიმე სხვა დანაშაულს ედავენოდნენ, მკვლელობის მცდელობის ეპიზოდში გაამართლა. ამის შესახებ რადიო „ათინათს’" მისმა ადვოკატმა სოსო ჯანაშიამ უთხრა.

უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული ქმედება არ დაუმტკიცდა, თუმცა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ის დამნაშავედ სისხლის სამართლის სხვა მუხლებით ცნო.


„განზრახ მკვლელობის მცდელობის ორი ეპიზოდი ჰქონდა, რომელიც მოუხსნეს და ორივე ეპიზოდში გამართლდა. გამტყუნდა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ტყვიის შენახვისთვის, რომელიც მის მანქანაში აღმოაჩინეს და ამოიღეს. ამისთვის მას მიესაჯა 5 წლიანი პატიმრობა და ასევე ძალადობის ეპიზოდში გამტყუნდა. წესით, უნდა ედავათ მკვლელობა, რადგან ერთი ადამიანი ნამდვილად დაღუპულია, თუმცა გადააკვალიფიცირეს განზრახ მკვლელობიდან მცდელობამდე, რათა ნაფიცმსაჯულებს არ განეხილათ საქმე“, - აღნიშნა ჯანაშიამ.

ზუგდიდის სასამართლომ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა განაჩენი ამავე დღეს მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებული როლანდ აფრასიძის მიმართ, რომელსაც 17 წელი მიესაჯა.


საუბარია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში პირველი იანვრის ღამეს მომხდარ ორმაგ მკვლელობაზე, როცა 2 პირი მოკლეს, 1 კი დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ინციდენტი გვარებს შორის ადრე არსებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდა. თავიდან საქმეები განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა, მოგვიანებით, გადაკვალიფიცირდა.


ამავე თემაზე:

მესტიაში ახალ წელს ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

Print