ახალი ამბები
“აფხაზებთან თანაცხოვრების ერთადერთი ფორმა უნდა იყოს მშვიდობა“ - სახალხო დამცველი ენგურის ხიდზე
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ენგურის ხიდზე იმყოფებოდა. მან საოკუპაციო ხაზი სოხუმის დაცემის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით მოინახულა. იოსელიანის თქმით, აფხაზებთან თანაცხოვრების ერთადერთ გზად მშვიდობიან ფორმებს განიხილავს. სახალხო დამცველმა ყურადღება ოკუპირებულ რეგიონში დარღვეულ ადამიანის უფლებებზეც გაამახვილა.

„დღეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დრაგიკული დღე, მაგრამ,ამავე დროს, ეს არის დღე, რომელმაც ბევრი რამ უნდა გვასწავლოს სამომავლოდ. პირველ რიგში, უნდა გამოვიტანოთ დასკვნები, თუ როგორ ვაგრძელებთ ცხოვრებას აფხაზებთან, როგორ ვაგრძელებთ ცხოვრებას ოსებთან და მემ გონი ერთადერთი, როგორც შეიძლება ჩვენ თანაცხოვრება გვქონდეს ამ ხალხთან, ეს არის მშვიდობა და ის გარემო, სადაც არ არის ომი, ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს, ჩემი აზრით, ჩემგან, როგორც სახალხო დამცველისგან, იყოს ეს გზავნილი მათდამი.

ერთადერთი ჩვენი თანაცხოვრების ფორმა უნდა იყოს მშვიდობა და მშვიდობიან გარემოში გაგრძელება ამ ურთიერთობის. სადაც არ არის მშვიდობა, იქ არ არის ადამიანის უფლებები და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველანი მოვესწრებით იმ დღეს, როდესაც ერთად გადავალთ ამ ხიდზე და არამარტო აქ, არამედ იქითაც, აფხაზეთშიც ვიმუშავებთ ჩვენი მოქალაქეების უფლებებზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში ზალიან უხეშად ირღვევა და ილახება“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

Print