ახალი ამბები
“11 წელია, ანაკლიის პორტი და ლაზიკის პროექტი რუსული დავალებით გაჩერებულია” - ანა წითლიძე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დეპუტატმა ანა წითლიძემ ანაკლიაში ბრიფინგი გამართა და "ქართული ოცნების" მმართველობის ზუსტად 11 წლის ფონზე ანაკლიის პორტისა და ქალაქ ლაზიკის პროექტის შეჩერებაზე ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ "გაჩერებული ანაკლია" და განადგურების პირას მისული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, "ჩინური რესტორანი" ხელისუფლების სახის სიმბოლოა.



"ეს განადგურებული შენობა არის სიმბოლო იმისიც თუ რა მოუტანა "ქართული ოცნების" თერთმეტწლიანმა მმართველობას ამ ქვეყანას, თუ როგორ არ უყვართ საკუთარი თავების გარდა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს არც ეს ქვეყანა და არც საქართველოს მოქალაქეები. თერთმეტი წელია, ლაზიკის, ანაკლიის პორტის და ანაკლიის იდეა არის შეჩერებული რუსეთის დავალებით. ლაზიკას, რომლის შემადგენლობაშიც უნდა შესულიყო ანაკლიის პორტი, უნდა მოეტანა ათასობით სამუშაო ადგილი და ეკონომიკური კეთილდღეობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და რაც ყველაზე, მთავარია ლაზიკის ანაკლიის პორტი უნდა ყოფილიყო რეგიონული გეოპოლიტიკური მნიშვლელობის, რომელიც მოუტანდა ამ ქვეყანას უსაფრთხოების, თავისუფლების, ტერიტორიის მთლიანობის და დამოუკიდებლობის გარანტიას. ეს არის ის, რაც თერთმეტი წლის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ" დააკარგვინა საქართველოს მოქალაქეებს და სანაცვლოდ ჩვენ მივიღეთ ემიგრაციაში გაქცეული საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ანაკლიელები. ეს არის სიმბოლო იმისი, თუ რატომ ჰყავთ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში რუსეთის დავალებით. თუ ვინმეს ეკუთვნის ანაკლიის პორტი და ლაზიკა, ეს არის მიხეილ სააკაშვილი",-აღნიშნა წითლიძემ.



დღეს საქართველოში ხელისუფლების ბოლო ცვლილებიდან 11 წელი გავიდა. 2012 წლის პირველ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა და "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობა ჩაანაცვლა.

რაც შეეხება ანაკლიის პორტს, პირველი გემი ღრმაწყლოვან ნავსადგურში 2020 წელს უნდა შესულიყო, თუმცა, მშენებლობა შეჩერდა. ახლა, ხელისუფლების ინფორმაციით, პორტის მშენებელი კომპანიის შერჩევა მიმდინარეობს, წილის 51 პროცენტის მფლობელი კი სახელმწიფო იქნება.
Print