ახალი ამბები
სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის ტენდერი რუსულმა კომპანიამ მოიგო - შამბა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის გამოცხადებულ ტენდერში რუსულმა კომპანიამ გაიმარჯვა, პირველი რეისი კი 2024 წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ სერგეი შამბამ "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"იყო ტენდერი, გაიმარჯვა რუსულმა კომპანიამ, რომელიც ჩაერთვება აეროპორტის აღდგენაში. პირველი რეისი 2024 წლის ბოლოს უნდა შესრულდეს", - განაცხადა შამბამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) "დასავლური ძალების გავლენის ქვეშ იმყოფება და იმედი, რომ მას შეუძლია უახლოეს მომავალში სოხუმის აეროპორტისთვის საერთაშორისო კოდის მინიჭება, ნაკლებად სავარაუდოა". შამბამ იმედი გამოთქვა, რომ ფრენებს რუსული ავიახაზები განახორციელებენ, რაც, მისი თქმით, "ამ ეტაპზე საკმარისი იქნება".

სექტემბრის ბოლოს რუსულმა მედიამ , წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის უმსხვილესმა აეროპორტებმა, "რეგიონების აეროპორტებმა", "აეროდინამიკამ", "ნოვაპორტმა", ასევე მოსკოვის "შერემეტევომ" და "ვნუკოვომ", უარი განაცხადეს სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე.

გამოცემის ინფორმაციით, ჰოლდინგებისთვის ჯერჯერობით გაურკვეველია, რომელი ავიაკომპანიები იფრენენ არაღიარებულ რესპუბლიკაში. გარდა ამისა, "პრობლემას წარმოადგენს პროექტისთვის სამშენებლო მასალების მიწოდება, რადგან ისინი აფხაზეთში არ იწარმოება".

ოკუპირებული აფხაზეთის "ტურიზმის მინისტრმა" თეიმურაზ ხიშბამ 18 სექტემბერს განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტის გახსნა 2025 წელს იგეგმება.

მანამდე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განაცხადა, დაიწყო ინვესტორების ძებნა ბაბუშერას აეროპორტის რეკონსტრუქციის მიზნით.

უფრო ადრე, 2019 წლის ივლისში აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ მიიღო დადგენილება სოხუმის აეროპორტისთვის "ერთობლივი აეროდრომის" სტატუსის მინიჭების და ასო-კოდის მინიჭების შესახებ. ამ დოკუმენტის შესაბამისად, აფხაზეთის საჰაერო სივრცეს მიენიჭა ოთხასოიანი კოდი "URAS" რუსეთის ფედერაციის საავიაციო ინფორმაციის კრებულში (AIP) შემდგომ შესატანად.

საქართველოს სამოქალაქო საავიაციო სააგენტო მაშინ განცხადებით გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებას სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება.

2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO - მ გააუქმა სოხუმის აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია ამის შესახებ.

ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. აღნიშნული კოდის მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.



ამავე თემაზე:

გაურკვეველია, რომელი ავიაკომპანიები იფრენენ არაღიარებულ რესპუბლიკაში - რუსული ჰოლდინგები სოხუმის აეროპორტზე

სოხუმის აეროპორტს სავარაუდოდ რუსი ინვესტორები ააშენებენ






Print