ახალი ამბები
სერგეი ლავროვი სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს შეხვდება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 3 ოქტომბერს სოჭში მოლაპარაკებებს გამართავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ლიდერებთან. 

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, დაგეგმილია ორმხრივი და სამმხრივი შეხვედრები აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან ინალ არძინბასთან. ასევე, ის შეხვდება სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს ალან გაგლოევს და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ახსარ ჯიოევს.

"დღის წესრიგში შედის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხების ფართო სპექტრი, რეგიონული და საერთაშორისო საკითხები. სამმხრივი მოლაპარაკებების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების პლატფორმის ფარგლებში კოორდინაციის თემას, რომელიც წარმოადგენს დიალოგის უნიკალურ ფორმატს, რომელშიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოფიციალური წარმომადგენლები (საქართველოსთან, რუსეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად) მონაწილეობენ ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამავე ცნობით, ორმხრივი შეხვედრების დროს ხელი მოეწერება 2024 - 2025 წლების კონსულტაციების გეგმებს.

მიმდინარე წლის მარტში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აფხაზეთის უმაღლესი ხარისხის ორდენით ("ახძ - აფშას" - " დიდება და ღირსება" ) დააჯილდოვა, "აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებაში აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განმტკიცებასა და განვითარებაში შეტანილი დიდი პირადი წვლილისთვის".

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.





Print