ახალი ამბები
საქართველოს ლიდერები, პრეზიდენტის გარდა, პრაგმატულები არიან - ბჟანია
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებით, საქართველოს ამჟამინდელი ლიდერები "პრაგმატულები" არიან.

ამის შესახებ მან რუსული სააგენტო "ტასისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, ჟენევის დისკუსიების პერსპექტივის შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

"თუ მხედველობაში არ მივიღებთ პრეზიდენტს, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატულები არიან იმის მიხედვით, თუ როგორ იქცევიან დღევანდელ მწვავე ვითარებაში და არ გამოვრიცხავ, რომ ჟენევის დისკუსიამ რაღაცამდე მიგვიყვანოს. ვფიქრობ, მათ ესმით, რომ მშვიდობა არის როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს განვითარების პირობა. ამის იმედი მაქვს", - თქვა მან.

ბჟანიას თქმით, აფხაზეთს ნორმალური, "კეთილმეზობლური ურთიერთობა სურს ყველა მეზობელთან, მათ შორის საქართველოსთან".

"თუ ქართული სახელმწიფო აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, მაშინ ჩვენ სამომავლოდ ასევე განვიხილავთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების საკითხებს", - დასძინა მან.

დღეს, 3 ოქტომბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა.

სოჭში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო უწყებამ 2 ოქტომბერს გაავრცელა.

ამავე თემაზე:

სერგეი ლავროვი სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს შეხვდება
Print