ახალი ამბები
სოჭში პუტინის და ბჟანიას შეხვედრა გაიმართა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შეხვდა.

ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრა სოჭში, 4 ოქტომბერს, საგანმანათლებლო ცენტრ "სირიუსში" შედგა.

პუტინმა, მისალმებისას, ბჟანიას და "აფხაზეთის მთელ ხალხს რუსეთის მიერ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების 15 და ქართულ-აფხაზურ ომში გამარჯვების 30 წლისთავი მიულოცა".

"საუბრის დასაწყისში მინდა აღვნიშნო, რომ ზოგადად მდგომარეობა კარგად ვითარდება, გვაქვს ბრუნვის ზრდა, გასულ წელს – 73 პროცენტი. რუსეთის ფედერაციის 64 რეგიონი სრულიად განსხვავებული მიმართულებით ინარჩუნებს ურთიერთობას აფხაზეთთან. 200-ზე მეტი საწარმო ერთობლივად მუშაობს, იმედია, ისინი შემდგომშიც გააგრძელებენ მუშაობას. ყველა ღონისძიება შემუშავებულია რუსეთის ეკონომიკურ პირობებთან ადაპტაციის ფარგლებში, ეს არის აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური სფეროს განვითარების ჩვენი ერთობლივი პროგრამა", - განაცხადა პუტინმა.

თავის მხრივ, აფხაზმა ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობას ბოლო დროს "დამატებითი იმპულსი" მიეცა.

"ჰარმონიზაციის ფარგლებში, ბევრი რამ გაკეთდა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ეს არის ის, რაც აერთიანებს ჩვენს პოზიციებს ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური და თავდაცვითი სივრცის შექმნის ფარგლებში", - განაცხადა ბჟანიამ.

მან მადლობა გადაუხადა პუტინს მოსკოვსა და სოხუმ შორის "ორმაგი მოქალაქეობის" შესახებ შეთანხმების ხელმოწერისთვის.

"ერთობლივი ძალისხმევით ახლახან დამტკიცებული დოკუმენტი, აფხაზეთის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით. ეს ასევე დიდი ნაბიჯია, რადგან ჩვენი მოქალაქეები, ამ მხრივ, ძალიან პოზიტიურად არიან განწყობილები. ჩვენ ვაპირებთ ჩავერთოთ რუსეთის მიერ ინიცირებული ინტეგრაციის პროცესებში, რადგან ეს შეესაბამება აფხაზეთის ძირითად ინტერესებს, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა მან.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, შეხვედრა ერთ საათზე მეტ ხანს, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.



ამავე თემაზე:

პუტინი 4 ოქტომბერს ბჟანიას შეხვდება


Print