ახალი ამბები
სოხუმი დაინტერესებულია რუსეთთან და ბელარუსთან საკავშირო სახელმწიფოში მონაწილეობით - ბჟანია
აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთის და ბელარუსის საკავშირო რესპუბლიკასთან მიერთებას არ გამორიცხავს.
ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა რუსულ გამოცემა "იზვესტიას" განუცხადა.

ის პირდაპირ ამბობს, რომ სოხუმი დაინტერესებულია პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციული პროცესებით და საკავშირო სახელმწიფოში მონაწილეობა რუსეთთან და ბელარუსთან ერთად "დააკმაყოფილებს რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკურ მიზნებს".

"ჩვენი მიზანია, რომ რუსეთთან კავშირების გაღრმავება. 2014 წლის აფხაზურ - რუსული შეთანხმებით რუსეთის ფედერაციამ აიღო ვალდებულება, შექმნას პირობები აფხაზეთის ინტეგრაციული პროცესებისთვის. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირი ეს არის ახალი სინერგია, ეს არის შესაძლებლობა იმ ეთნოსების გავითარებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ამ სახელმწიფოებში, ეს იძლევა უფრო მეტი უსაფრთხოების შესაძლებლობას", - თქვა ბჟანიამ.

ამასთან, მან "საერთაშორისო აღიარების" იმედიც გამოთქვა და ამ თავლსაზრისით, რუსეთის "სერიოზულ მხარდაჭერას" გაუსვა ხაზი. ბჟანიას თქმით, ეს პროცესი "ბევრ ქვეყანასა და ბევრ კონტინენტზე" მიმდინარეობს.

4 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან სოჭში გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსული გაზეთ "იზვესტიასთან" ინტერვიუში ბჟანიამ ასევე განაცხადა, რომ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის გახსნის გეგმებზე ისაუბრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რაც ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებით სამხედრო ბაზის განლაგებასა და რუსეთის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის რეგიონის ჩართვას.





Print