ახალი ამბები
ბჟანიამ პუტინთან შეხვედრა შეაჯამა - პრაქტიკულად ყველა საკითხზე მხარდაჭერას დაგვპირდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან სოჭში გამართული შეხვედრის შედეგებზე სასუბროდ ბრიფინგი გამართა, წერს "აფსნიპრესი"
გამოცემის თანახმად, ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინი, როგორც ყოველთვის, "აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებს დიდი ყურადღებით მოეკიდა" და "შეხვედრაზე წამოჭრილ პრაქტიკულად ყველა საკითხზე დახმარება აღუთქვა".

ბჟანიას თქმით, რუსეთი გააგრძელებს ოკუპირებული აფხაზეთის დახმარებას ენერგომომარაგების სფეროში.

"ასევე განვიხილეთ რესპუბლიკის გაზიფიცირებისა და შემდგომში ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად გაზზე მომუშავე სადგურის მშენებლობის საკითხები. ამ იდეას მხარი დაუჭირა რუსეთის პრეზიდენტმაც. ჩვენ ვითხოვეთ მხარდაჭერა გუმისთაზე არსებული ხიდის კაპიტალურ რემონტსა და ახალი ხიდის მშენებლობაში. ასევე გაჟღერდა კოდორის ხეობაში სოხუმის სამხედრო გზის კაპიტალური რემონტის აუცილებლობა და ამ საკითხთს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი გაგებით მოეკიდა", - განაცხადა აფხაზმა ლიდერმა.

მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული რიგი სხვა საკითხებიც განიხილეს.

"ამ კუთხით ჩვენ გვაქვს ყველა მიზეზი, რომ რუსეთის მხარდაჭერის იმედი გვქონდეს. განსაკუთრებით ხაზი გაესვა პოზიციების სიახლოვეს მრავალ საკითხზე. ვისაუბრეთ რუსეთი მიერ ინიცირებულ ინტეგრაციის პროცესებზე და ამ პროცესებში აფხაზეთის მონაწილეობაზე, სამომავლოდ სამოკავშირეო სახელმწიფოში აფხაზეთის შესაძლო მონაწილეობაზე. ეს ყველაფერი დადებითად იქნა აღქმული , ამაზე დაუღალავად უნდა ვიმუშაოთ", - აღნიშნა ბჟანიამ.

მისი სიტყვებით, შეხვედრაზე რუსული ინვესტიციების თემაც განიხილეს.

"თუ პრეზიდენტ პუტინთან განხილულის განხორციელებას შევძლებთ, ეს ხელშესახებ სარგებელს მოუტანს მომავალ თაობებს, გააძლიერებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, გახდის ჩვენს ქვეყანას მიმზიდველს და კომფორტულს საცხოვრებლად და გადაჭრის უამრავ სოციალურ პრობლემას", - დასძინა მან.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას სოჭში, 4 ოქტომბერს შეხვდა.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 3 ოქტომბერს სოჭში მოლაპარაკებები გამართა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ლიდერებთან.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.



Print