ახალი ამბები
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ქირურგიულ განყოფილებას საქმიანობის უფლება დროებით შეუჩერდა

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ქირურგიულ განყოფილებას ჯანდაცვის სამინისტროს მარეგულირებელმა სააგენტომ საქმიანობის უფლება 6 ოქტომბრიდან შეუჩერა, რაც იმას ნიშნავს, რომ საავადმყოფოში ოპერაციები ამ ეტაპზე არ ტარდება.


რადიო "ათინათი" დაუკავშირდა კლინიკის დირექტორს ტატო თოდუას, რომელმაც თქვა, რომ უკვე ახალი შემოწმების მოლოდინში არიან. რაც შეეხება შემოწმებას, თოდუა დასძენს, რომ ეს სტანდარტული პროცედურაა.

"ახალი მოთხოვნების მიხედვით, სანებართვო პირობების შემოწმება მიმდინარეობს ყველა იმ ჰოსპიტალში, რომელიც ახორციელებს რეანიმაციულ და ქირურგიულ სტაციონარულ სერვისებს. ეს სტანდარტული და ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. ჩვენი ჰოსპიტალი, მსგავსად სხვა კლინიკებისა, შემოწმდა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ", - აღნიშნა თოდუამ.


მისივე განმარტებით, სააგენტომ გარკვეული რეკომენდაციები გასცა, რაც, როგორც თოდუა ამბობს, უკვე გათვალისწინებულია.  ამ ეტაპზე, ელოდებიან ხელმეორე ვიზიტს, რათა გადამოწმდეს, შესრულდა თუ არა გაწეული რეკომენდაციები, რის შემდეგაც ქირურგია-რეანიმაციაში სტაციონალური საქმიანობის ახალი ნებართვები უნდა გაიცეს. 

 

Print