ახალი ამბები
მენჯის მთავარანგელოზთა სავანე მონაზონს უვადოდ გადაეცა - საპატრიარქოს განმარტება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გამოაქვეყნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის 26 სექტემბრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც სენაკის სოფელ მენჯის მთავარანგელოზთა სავანის მთელი ტერიტორია უვადოდ გადაეცა ამავე სავანის მონაზონ ზოიას (შუშანია) სარგებლობისა და მოვლა-პატრონობის მიზნით.

„ბრძანებაში აღნიშნულია მისი მრავალწლიანი ღვაწლის შესახებ, რაც ამგვარი გადაწყვეტილების, როგორც გამონაკლისის, საფუძველი გახდა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე საჯარო რეესტრმა სავანის ტერიტორიის საერთო ფართიდან, 430 მ² საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში დაურეგისტრირა მონაზონ ზოიას (შუშანია), მნიშვნელოვანია, რომ საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნა მონაზონ ზოიას (შუშანია) სახელით იყო შესული საჯარო რეესტრში“, - ვკითხულობთ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მათუვე ცნობით, საქართველოს კანონმდებლობით, არ შეიძლება ტაძრები და მისი ეზოები კერძო საკუთრებას წარმოადგენდეს და საქართველოში ყველა მართლმადიდებლური ტაძარი საქართველოს ეკლესიის კუთვნილებაა.

საპატრიარქოში ამბობენ, რომ სწორედ ამის შესაბამისად დარეგისტრირდა სავანეში განთავსებული ტაძრები ეზოსთან ერთად.

„ტაძრის კერძო საკუთრებად დარეგისტრირების შეუძლებლობა ცხადია, რადგან ნებისმიერი კერძო საკუთრება იძენს თვისებას, იყოს გაყიდული, დაგირავებული, ან სხვაგვარად უზრუნველყოფილი. ამგვარად ტაძარი, სულიერი და ეროვნული ფასეულობები ვერ იქცევა კერძო საკუთრების ობიექტად“, - მითითებულია განცხადებაში.
Print