ახალი ამბები
სოხუმი რუსეთ - ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს გამოცდილებას სწავლობს - არძინბა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა რუსეთ - ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს მდივანს, დმიტრი მეზენცევს შეხვდა, წერს "აფსადგილ ინფო".

ამავე ცნობით, საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ "აფხაზური მხარე საკავშირო პროგრამების განხორციელების გამოცდილებას" სწავლობს, რუსეთისა და ბელარუსის ეკონომიკური ინტეგრაციის ახალ ეტაპზე.

არძინბამ მეზენცევს აცნობა, რომ აფხაზური დელეგაცია მინსკში ვიზიტს გეგმავს, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ბელარუსს შორის "თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრის განსახილველად".

"ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს სუვერენული სახელმწიფოების მომავალ აყვავებულ კავშირს", - განაცხადა მან შეხვედრის კომენტირებისას.

ცოტა ხნის წინ აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთის და ბელარუსის საკავშირო რესპუბლიკასთან მიერთებას არ გამორიცხავს.

ბელარუსის რეჟიმს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გასული წლის 28 სექტემბერს ჩავიდა. ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა აფხაზ ლიდერთან ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ "მისი აფხაზეთში ჩასვლა განსაკუთრებულ ვითარებას არ უკავშირდებოდა და რომ ბელარუსი და რუსეთი ათანხმებენ თავიანთ ქმედებებს". აფხაზმა ლიდერმა კი განაცხადა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მეთაურის "აფხაზეთში ვიზიტის ფაქტი ბევრზე მეტყველებს და ამ ეტაპზე ურთიერთობა ახალ ხასიათს იძენს".

საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ - მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ განაცხადეს, რომ "მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში", რაც მათი თქმით "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევაა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ანატოლი ლისი.


ამავე თემაზე:


სოხუმი დაინტერესებულია რუსეთთან და ბელარუსთან საკავშირო სახელმწიფოში მონაწილეობით - ბჟანია

ბელარუსმა ეკონომიკურად დე ფაქტო უკვე აღიარა აფხაზეთი - ინალ არძინბა




Print