ახალი ამბები
სოხუმში მინისტრთა საბჭოს ყოფილ შენობაში სასტუმრო გაიხსნება - ბჟანია
სოხუმში მინისტრთა საბჭოს ყოფილ შენობაში (აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მთავარი შენობა), სავარაუდოდ, სასტუმრო "პრეზიდენტ - ოტელი" გაიხსნება.


ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოსკოვში, აფხაზ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, წერს "ეხო კავკაზა".

"არიან ინვესტორები, რომლებიც მზად არიან ინვესტიცია ჩადონ მთავრობის სახლის რეკონსტრუქციაში. დაინიშნა ექსპერტიზა და უახლოეს დღეებში უნდა მივიღოთ პასუხი, შეიძლება თუ არა ამ შენობის აღდგენა, თუ მისი დანგრევა მოგვიწევს. მოვა ექსპერტიზის პასუხი და ამის მიხედვით განვსაზღვრავთ. ვფიქრობ, პროექტს ბოლომდე მივიყვანთ. იმიტომ რომ, არიან დაინტერესებული ინვესტორები", - აღნიშნა მან.

ბჟანიამ დასძინა, რომ "აფხაზეთის ხელისუფლება არ აპირებს სახელმწიფო აპარატის გაზრდას, რადგან, ამის საჭიროება არ არის".  მისივე თქმით, სასტუმროს გახსნის გარდა, საუბარია "ვლადისლავ არძინბას სახელობის მოედნისა და აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის ძეგლის დადგმაზე".

გამოცემის ცნობით, ბჟანიას ინიციატივას ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ჩვენი დედაქალაქი" გამოეხმაურა. მათი განცხადებით, მიუღებელია "ომში გამარჯვების სიმბოლოს" გადაქცევა "სხვა საინვესტიციო ობიექტად".

სოხუმში დღემდე არ აღუდგენიათ 1993 წელს ომის დროს დამწვარი მინისტრთა საბჭოს ყოფილი შენობა.






Print