რეგიონი
წალენჯიხაში ალტ-ინფოელებმა ქალაქის მოსართავი ფერადი ქოლგები ჩამოახსნევინეს
წალენჯიხაში, სადაც დღეს ფესტივალ “გრანელობას” აღნიშნავენ, ალტ-ინფოს რამდენიმე წევრის პროტესტის შემდეგ ქალაქის მოსართავად დაკიდებული ცისარტყელის ფერებში ქოლგები ამწის საშუალებით ჩამოხსნეს.

პრორუსული ორგანიზაციის წევრები ქოლგების განთავსებას მათი ფერების გამო აპროტესტებდნენ და ღონისძიების ჩაშლით იმუქრებოდნენ. მათი თქმით, ცისარტყელის ფერები ლგბტქ თემის პროპაგანდაა.

ვინ ჩამოხსნა ქოლგები, უცნობია, რადგან მერიაში განმარტავენ, რომ ბრძანება მათ არ გაუციათ. მერის მოადგილე თამარ ბელქანია მომხდარს ოპოზიციურ ადგილობრივ ხელისუფლებაზე თავდასხმად აფასებს.

“ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა და თავდასხმა ადგილობრივი ხელისუფლების, როგორც ერთადერთი ოპოზიციური მერიის. ტენდერით შევიძინეთ ქალაქის მორთვის მომსახურება, რომელშიც ეს ქოლგებიც შედიოდა. შარშანაც ასე იყო და მსგავსი ინციდენტი არ მომხდარა”,-უთხრა რადიო “ათინათს” ბელქანიამ.

ფესტივალ “გრანელობას” წალენჯიხაში, მეორე წელია აღნიშნავენ.
Print