ახალი ამბები
სოხუმში აკრიტიკებენ ბჟანიას ინიციატივას მინისტრთა საბჭოს შენობაში სასტუმროს გახსნის შესახებ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილი "მინისტრი" და "აფხაზეთის სახალხო მოძრაობის" ხელმძღვანელი ადგურ არძინბა გამოეხმაურა აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას მორიგ "ინიციატივას", მინისტრთა საბჭოს ყოფილ შენობაში სასტუმროს გახსნის შესახებ. მისი თქმით, ამ წინადადებამ აფხაზური საზოგადოების ნაწილი, "შოკში ჩააგდო". 

არძინბამ მინისტრთა საბჭოს ყოფილი შენობის რეკონსტრუქციის სამი ჩანახატის ესკიზი გამოაქვეყნა, რომელიც, მისი თქმით, 2016 წლის მარტში შემუშავდა რაულ ხაჯინბას დავალებით და მაშინ საუბარი იყო შენობის აღდენაზე. რატომ არ განხორციელდა პროექტი, მან არ იცის, თუმცა ასლან ბჟანიას იდეა, შენობა ინვესტორს გადაეცეს, მისთვის მიუღებელია, რადგან "სასტუმრო შეიძლება ნებისმიერ სხვა ადგილას აშენდეს", -  განუცხადა მან "ეხო კავკაზას". 



"ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობა, სამწუხაროდ, დიდი ხანია რეალობას არის მოწყვეტილი, ჩემი სახელით მინდა გავაფრთხილო ინვესტორები, არ აყვნენ ცდუნებას და სერიოზულად არ მიიღონ ეს პროექტი, რადგან ხალხი კატეგორიულად წინააღმდეგია", - ამბობს არძინბა. 

ის  მიიჩნევს, რომ "აფხაზეთის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ" უნდა შეცვალოს "ყველაფრის ინვესტორებისთვის მიყიდვის მიდგომა". 

მისი თქმით, "მორიგი უცხოელი ინვესტორის მოძიების მაგივრად, რომელსაც ისევ რაღაც უნდა მიჰყიდონ, მათ ეკონომიკის განვითარებაზე და საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე უნდა იზრუნონ, რომ ქვეყანამ საკუთარი ძალებით შეძლოს მნიშვნელოვანი ობიექტების აღდგენა" . 

სოხუმში მინისტრთა საბჭოს ყოფილ შენობაში (აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მთავარი შენობა), სავარაუდოდ, სასტუმრო "პრეზიდენტ - ოტელი" გაიხსნება.

ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 11 ოქტომბერს, მოსკოვში, აფხაზ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.


ამავე თემაზე:

სოხუმში მინისტრთა საბჭოს ყოფილ შენობაში სასტუმრო გაიხსნება - ბჟანია

Print