ახალი ამბები
"ანაკლიას" მხოლოდ პორტი (ოჩამჩირე) კი არ ემუქრება, მთლიანად ანაკლიის პროექტს ოკუპაცია ემუქრება - ლოლუაშვილი ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე
ოჩამჩირის პორტში არსებული ინფრასტრუქტურა დიდი გემების, მათ შორის წყალქვეშა ნავებისა და ზედაპირული სამხედრო ფრეგატების მიღებას ვერ უზრუნველჰყოფს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა 19 ოქტომბერს, პარლამენტში სუსის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

"ოჩამჩირის პორტთან დაკავშირებით, წარმოიდგინეთ, ვის უნდა ესიამოვნოს საქართველოში განცხადება საოკუპაციო ძალების მხრიდან კიდე ერთი ფორპოსტის შექმნის თაობაზე. თუმცა მინდა გითხრათ, ოჩამჩირის ე.წ. პორტის ინფრასტრუქტურა იმ სახით, რა სახითაც ის დღეს ემსახურება იქ შესულ მცირე წყალწვის ნავებს, კატარღებს, სეინერებს, საპატრულო კატარღებს და ა.შ. შეიქმნა 2009 წლიდან 2011 წლამდე, მას შემდეგ, რაც 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ შეიქმნა მკაცრად მტრული და ქვეყნისთვის დამაზიანებელი გარემო დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მაგრამ არსებული ინფრასტრუქტურა, რაც იქ არსებობს, ვერ უზრუნველყოფს მსხვილი და დიდი ხომალდების, მათ შორის წყალქვეშა თუ წყალზედა სამხედრო ფრეგატების და ა.შ. მიღებას. ამისათვის, რომ გარდაიქმნეს არსებული ინფრასტრუქტურა, ამას დასჭირდება, სულ მცირე, სამი წელიწადი, ექსპერტების გათვლებით, მე ექსპერტი არ ვარ, რათა ეს პორტი თავის წყლის დაღრმავებით, ინფრასტრუქტურული განვითარებით მოვიდეს ამ კონდიციამდე", - განმარტა ლილუაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვას, უქმნის თუ არა ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზის განთავსება საფრთხეს ანაკლიის პორტის მშენებლობას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა უპასუხა, რომ "ანაკლიას" მხოლოდ პორტი (ოჩამჩირე) კი არ ემუქრება, მთლიანად ანაკლიის პროექტს ოკუპაცია ემუქრება.

"ანაკლიის პორტიდან რამდენიმე კილომეტრში დგას რუსეთის რეგულარული არმია რამდენიმე ათასი შეიარაღებული ჯარისკაცით, მძიმე ტექნიკით. ის, რომ ეს არის საფრთხე საქართველოსთვის, ეს იყო, არის და თუკი ასე გაგრძელდა ოკუპაციის საკითხი, იქნება საფრთხე საქართველოსთვის და მათ შორის ანაკლიის პორტისთვის", - განაცხადა სუსის ხელმძღვანელმა.

ოქტომბრის დასაწყისში, რუსული გამოცემა "იზვესტიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ "უახლოეს მომავალში იქნება ოჩამჩირის რეგიონში რუსეთის საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუქნტი.

19 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე აფხაზმა ლიდერმა თქვა, რომ "რუსეთის საზღვაო ძალების ბაზის განლაგება ოჩამჩირეში შეესაბამება აფხაზეთის ინტერესებს".


ოჩამჩირეში სამხედრო - საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზის განთავსების გეგმას, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, "რუსეთის უკანონო, დანაშაულებრივი და აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება" უწოდა.

"ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალინდელი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის. სწორედ ამ ნაბიჯით რუსეთი შავი ზღვის რეგიონში გავლენების გაძლიერებასა და რეგიონში დომინანტობას ცდილობს", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

"ოკუპაციის გაგრძელება" უწოდა მოსკოვის განზრახვას, ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ ერთი სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

"ეს უფრო აუარესებს ამ სიტუაციას, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომე ეს არის "მორიგი პროვოკაციული მცდელობა" რომელიც მიმართულია "აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ".




Print