ახალი ამბები
სინოდის კომისიამ მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის სავანის არქიმანდრიტს მეუფე შიოსადმი ბრალდებების გამო გაფრთხილება მისცა
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის კომისიამ გაფრთხილება მისცა მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის სავანის არქიმანდრიტს მამა მელქისედეკ მიქავას იმ მოსაზრებების გამო, რომელიც სასულიერო პირმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა. საუბარია მის წერილზე, რომელშიც წერდა, რომ მეუფე სიო მუჯირს სავანის ქონების წართმევის უფლება არ აქვს.

სინოდის გადაწყვეტილებით, მამა მელქისედეკის მოსაზრებები „უარგუმენტო ბრალდებებია“ და მისი გამეორების შემთხვევაში, სამღვდელო ხარისხის შეჩერებას ითვალისწინებს.

„არქიმანდრიტ მელქისედეკს (მიქავა) განემარტა, რომ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მიმართ გამოთქმული უარგუმენტო ბრალდებები, მისი სამღვდელო ხარისხის შეჩერების საფუძველს ქმნის და გაფრთხილების შემდეგ, მსგავსი ცილისწამებების განმეორების შემთხვევაში სწორედ ეს შედეგი დადგებოდა უპირობოდ.

არქიმანდრიტმა მელქისედეკმა გადაცდომა აღიარა და წერილობითი სახით შენდობა ითხოვა შეცდომის გამო“, - წერია საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადებაში. აქვე დართულია არქიმანდრიტ მელქისედეკის წერილი, რომლითაც ის პოსტში გამოთქმულ მოსაზრებებს "დაუსაბუთებელ ბრალდებებსა" და შეცდომას უწოდებს. 



სენაკის სოფელ მენჯის მთავარანგელოზთა სავანის მთელი ტერიტორია პატრიარქ ილია მეორის ბრძანებით უვადოდ გადაეცა ამავე სავანის მონაზონ ზოიას (შუშანია) სარგებლობისა და მოვლა-პატრონობის მიზნით.

საპატრიარქოში ამბობენ, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დარეგისტრირდა სავანეში განთავსებული ტაძრები ეზოსთან ერთად.

„ტაძრის კერძო საკუთრებად დარეგისტრირების შეუძლებლობა ცხადია, რადგან ნებისმიერი კერძო საკუთრება იძენს თვისებას, იყოს გაყიდული, დაგირავებული, ან სხვაგვარად უზრუნველყოფილი. ამგვარად ტაძარი, სულიერი და ეროვნული ფასეულობები ვერ იქცევა კერძო საკუთრების ობიექტად“, - მითითებულია განცხადებაში.

აღნიშნულ თემაზე პოსტი მოგვიანებით გამოაქვეყნა წმინდა ალექსია შუშანიას სავანის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა მელქისედეკმა.


,,2008 წელს, მე არ მინახავს მეუფე შიო აქ ამოსულიყო (თუ მისი იყო, მას უნდა დაეცვა) მე და ზოია კი არ გავქცეულვართ სადმე, თქვენ არც კი დაგირეკიათ ცოცხლები ვიყავით თუ არა!.. მეუფე შიო გვედავება, რომ ალექსი შუშანიამ არაკანონიერად ანდერძის თანახმად დაუმტკიცა თავის ნათესავებს ეკლესია, ზარები, და ხატები, მთავრობის მიერ გადაცემული ადგილ-მამული...

კი ბატონო, ჩვენ ვემორჩილებით საპატრიარქოს, განყოფილი კი არ ვართ, მაგრამ ჩვენი ქონების წართმევის უფლება მეუფე შიოს არ აქვს. მღვდელ-მონაზონს საკუთრება არ აქვსო. სწორია გეთანხმებით, მაგრამ გავარჩიოთ ვის ეკუთვნის და ვისაც არა. საერთო საცხოვრებელში მცხოვრები ბერ-მონაზვნების ქონება საერთოა და იქ არავის აქვს უფლება, რომ პრეტენზია განაცხადოს, რადგან იქ ყველაფერი საერთოა. მაგრამ არიან კელიოტ ბერ-მონაზონი, რომელთა მიერ შეძენილი ქონება მათი საკუთრებაა, როგორც არის შუშანიების სავანე. რატომ ქვია ამ სავანეს კელიოტ? აქ მარტო ცხოვრობდა მამა ალექსი შუშანია თავისი ნათესავებით მონაზონ ფასტო და აკეფსიმე შუშანიებით. შექმნილია მათი შრომით, შემდეგ ზოია და ნინა შუშანიების მიერ. მობრძანდით, შეამოწმეთ და ნახეთ, რა გააკეთა ორმა დამ. მაჩვენეთ სხვამ რა გააკეთა?! მეუფე შიომ, რომელიც ოცი წელია აქაა, რა გააკეთა ამ სავანისათვის? - არაფერი. მას უფლება აქვს მაჩვენოს, თუ ეს მისი იყო. 25 მილიონიდან 25 კაპიკი თუ ერგო ამ სავანეს? რუსები ბომბებს რომ გვირტყამდნენ თავზე 2008 წელს, მე არ მინახავს მეუფე შიო აქ ამოსულიყო (თუ მისი იყო, მას უნდა დაეცვა), მე და ზოია კი არ გავქცეულვართ სადმე, არამედ აქ ვიყავით და ვიცავდით იმას, რაც ჩვენი იყო, თქვენ არც კი დაგირეკავთ, ცოცხლები ვიყავით თუ არა, თქვენ მოიკითხეთ ის, რაც თქვენი კუთვნილება იყო. ბომბმა ხომ არ დააზიანაო კონდენციონერი? (ქალაქის ტაძარი მაქვს მხედველობაში)...

43 წელია აქ ვარ და თქვენ არასდროს აზრად არ მოგსვლიათ, რომ ჩემთვის გეკითხათ, რატომ დავდივარ მე ჩუსტებით და რატომ არ მყავს მე ჯიპი. რაზე დავდივართ მე და ზოია ფეხით? მეტი არაფერი გვეკუთვნის? მე და ზოია ცოცხლები ვართ და ჩვენთვის არ გიკითხავს, ისე გამოგზავნე ამზომველები და 5 წუთში გადაგიფორმეს ჩვენი ქონება, ერისკაცს რა უფლება აქვს, ეკლესია თავისი მამულით თქვენ გადმოგცეთ. არ ვიცი, ვინ არიან, არც უკითხავთ ვინაა ამის პატრონიო. თქვენ არ კითხულობთ და ისინი რატომ იკითხავდნენ?!

არა გითქმოდეს მოყვასის ქონებაზე, გული, რადგან შენი ძმისაა იგი - მიკვირს, რატომ წერია სახარებაში ყველაფერი ჩემთვის და თქვენთვის არაფერი? კომუნისტები არ შედავებია შუშანიებს ტაძარს. თქვენ კი რას უშვებით მოხუც მონაზონს, ალექსი ბერის უკანასკნელ შთამომავალს?”-წერდა მამა მელქისედეკი.

Print