ახალი ამბები
ბჟანია სარკინიგზო ტრანზიტის აღდგენაზე - საკითხში შესაძლებელია აფხაზეთის ინტეგრირებაც
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გავლით სარკინიგზო ტრანზიტის დაწყების შესაძლებლობაზე საუბრისას, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთში შექმნილი ვითარება ახალი სარკინიგზო დერეფნის ამოქმედების საჭიროებასა და წინაპირობას ქმნის. მისივე თქმით, ამ საკითხში ასევე შესაძლებელია "აფხაზეთის ინტეგრირებაც".

"თუ ჩვენ გამოვიჩენთ მზადყოფნას, თუ მზადყოფნას გამოავლენს ქართული მხარე. ეს ყველაფერი შეესაბამება ჩვენს ინტერესებს. ცოტა ხნის წინ ჩამოსული იყო "რუსეთის რკინიგზის" სპეციალისტების წარმომადგენლობითი დელეგაცია. ეს მათი მეორე სტუმრობა იყო. დაათვალიერეს აფხაზეთის რკინიგზის აღმოსავლეთი ნაწილი. მოგეხსენებათ, ოჩამჩირის იქით რკინიგზა ან სრულადაა მოშლილი, ან ავარიულ მდგომარეობაში იმყოფება საინჟინრო ინფრასტრუქტურა - საკუთრივ გზა, ხიდები, ელექტროგაყვანილობა, გვირაბები და ა.შ. ეს ყველაფერი აღსადგენია. კომისიის სტუმრობის შემდეგ მიმდინარეობს გაანგარიშება, რა შეიძლება დაჯდეს ამ მონაკვეთის აღდგენა. კომპლექსური საკითხია - როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური. იმისათვის, რომ ტრანზიტი განხორციელდეს აფხაზეთის ტერიტორიის გავლით, საჭიროა ამ საკითხების დარეგულირება როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, გადაზიდვები აფხაზეთზე გავლით, ეკონომიკურად უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე დაღესტნის მიმართულება. თუ საუბარია რუსეთის ევროპულ ტერიტორიაზე, ცხადია, ბევრად მომგებიანია. ჩვენ მზად ვარ საუბრისთვის. ვამზადებთ შესაბამის წინადადებას, თუმცა ჯერ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არაა", - განაცხადა ასლან ბჟანიამამ დღეებში, სოხუმში გამართულ პერსკონფერენციაზე.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა, 2021 წელს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს მიმართა განცხადებით იმის შესახებ, რომ სოხუმი მზადაა "თანაბარი პირობებით" ჩერთოს რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის პროექტში.

საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო კომუნიკაციის საკითხი არ განიხილება.


ამავე თემაზე:

აფხაზეთის გავლით ტრანზიტის დაწყება "სავსებით მიღწევადია" - მოსკოვი

Print