ახალი ამბები
პირადი ცხოვრების ხელყოფისთვის ორ თვეში 8 პირი დააკავეს, ამოღებულია 300 ფაილი - გამოძიება
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2023 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში 14 პირი ამხილა, ხოლო 8 დააკავა.
ამოღებულია 300-ზე მეტი პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილი. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

გამოძიების ცნობით, მხილებულ ბრალდებულებს სოციალური ქსელით გაცნობილ ქალებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ და მათი პირადი მობილური ტელეფონებისა და სოციალური ქსელების საშუალებით, პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებს, მიმოწერებს და ვიდეოებს მოიპოვებდნენ. ამასთან, აღნიშნულ მასალებს სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით დაზარალებულების ახლობლებსა და სხვა პირებს უგზავნიდნენ.

„მთელი საქართველოს მასშტაბით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის, მობილური და კომპიუტერული ტექნიკიდან ინფორმაციის მოპოვების შედეგად, მტკიცებულების სახით 300 ერთეულზე მეტი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო, ვიდეო და აუდიო ფაილი ამოიღო, ხოლო აღნიშნული მასალა სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ განადგურდება“, - ვკითხულობთ საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

Print